GUARDIANGE – კანადის ქალაქ ტორონტოში „დელტას ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 76 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, აეროპორტში დაშვებისას ამოტრიალდა.
ტორონტოს აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, ბორტზე მყოფთაგან ყველა გადარჩა და მგზავრების აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ მცირე დაზიანებები აქვს მიღებული.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი კრიტიკულად დაშავდა ავარიის შედეგად. საავადმყოფოში სულ 18 ადამიანია გადაყვანილი.
თვითმფრინავი მინეაპოლისიდან ასრულებდა რეისს. 22 მგზავრი კანადელია, დანარჩენები კი სხვადასხვა ეროვნების.
ინციდენტიდან მალევე აეროპორტი დაიკეტა, თუმცა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ფრენები განახლდა. მგზავრები რეისების დაყოვნების შესახებ გააფრთხილეს.
კანადის ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, შემთხვევის ადგილას გაგზავნილია ჯგუფი, რომელიც „ინფორმაციებს შეაგროვებს და შეაფასებს მომხდარ ინციდენტს“.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღით დაკეტილი დარჩება ორი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი.
ტორონტოს პარსონის აეროპორტში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამინდთან დაკავშირებული შეფერხებები დაფიქსირდა. ონტარიოს ზოგიერთ ნაწილში ძლიერი თოვა იყო, რასაც თან ახლდა დაბალი ტემპერატურა. ორმა ქარიშხალმა – ერთმა 12 თებერვალს და მეორემ 16 თებერვალს – ქალაქი 30-დან 50 სმ-დე თოვლში გაახვია. როგორც BBC-ის აშშ-ის პარტნიორი CBS იუწყება, ავარიის დროს მსუბუქად თოვდა.
ტორონტოს აეროპორტში მომხდარი ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მეოთხე მსხვილი საავიაციო შემთხვევაა. მათ შორის, ერთ-ერთი, ვაშინგტონის რონალდ რეიგანის აეროპორტის მახლობლად მოხდა, სადაც სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, რის შედეგადაც სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 67-ივე ადამიანი დაიღუპა.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ