GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი ხაზეინ მუსაევი იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი ხაზეინ მუსაევი, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ითხოვენ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დროულად დაიწყოს კიროვკის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, რათა მოზარდებს, რომლებიც მშობლიური სკოლის ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე სამი წელია მეზობელი სოფლის, დამია გეორარხის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში დადიან სასწავლებლად, საშუალება მიეცეთ თავიანთ სოფელში განაგრძონ სწავლა.
როგორც GUARDIANGE-ის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ხაზეინ მუსაევმა განუცხადა, ახალი სკოლის ასაშენებლად ტერიტორია შერჩეულია და ელოდებიან, რომ სამუშაოები მალე დაიწყება.

„ჩვენი სკოლა ავარიულია, ამიტომ საგაკვეთილო პროცესის იქ წარმართვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, უკვე მესამე წელია, რაც დამია გეორარხის საჯარო სკოლაში ვართ გადმოსული, სამარშრუტო ტაქსებს დავყავართ ჩვენც და მასწავლებლებიც. რა თქმა უნდა, ეს სირთულეს ქმნის როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებისთვის, რადგან მეორე ცვლაში, თან სხვა სოფლის სკოლაში გვიწევს სასწავლო პროცესის წარმართვა. ყველას გვინდა, რომ დროულად აშენდეს ახალი სკოლა. ამას უკვე არა მხოლოდ პედკოლექტივი, მშობლებიც ითხოვენ, რადგან მათთვისაც რთულია ამ მდგომარეობაში ყოფნა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებისთვის.

„სამი წელია გვეუბნებიან, რომ დაიწყება მშენებლობა, მაგრამ დღემდე არაფერი არ დაწყებულა და ამ დრომდე ისევ აქ, დამია გეორარხში ვართ, 80 ბავშვი და 22 მასწავლებელი. 14:00 საათზე ვიწყებთ სწავლას და 18:00 საათზე ვამთავრებთ. ფაქტობრივად, მთელი დღე დაკარგული გვაქვს, რაზეც მასწავლებლები წუხილს გამოთქვამენ, რადგან ყველას ოჯახი აქვს და სკოლის გარდა, ბუნებრივია, სხვა საჭიროებებიც არსებობს.

„ამასთან, პირველი, მეორე, მესამე კლასელებისთვის უფრო რთულია ასეთი გრაფიკით სწავლა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, მით უფრო ისეთ პირობებში, როგორიც დამია გეორარხის სკოლაშია. თავადაც უყურებთ, თუ რა მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის თვალსაზრსით – არ არის ცენტრალური გათბობა, საკლასო ოთახები ჯერ კიდევ ღუმელებით თბება, უფრო სწორად, ვერც კი თბება ხეირიანად, ქარიან ამინდში კი, აქაურობა კვამლით იფარება. ამასთან, ელექტრო როზეტებიც კი არ არის ოთახებში, რომ კომპიუტერი მაინც შევაერთოთ დენზე.

„მოკლედ, ეს სკოლაც აღსადგენი სკოლების სიაშია, მაგრამ როდის დაიწყება კაპიტალური რემონტი, არ ვიცით. დამეთანხმებით, ასეთ პირობებში გაკვეთილების ჩატარება არც ისე სახარბიელოა.

„ჩვენ მივმართეთ როგორც მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ისე განათლების სამინისტროს. მათ გვითხრეს, რომ ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია, პროექტი შედგენილია და ამ წელს აუცილებლად დაიწყებენ მშენებლობას. ვნახოთ, რა იქნება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად უკვე დაადგება საშველი ამ საქმის დაძვრას. სკოლის პედკოლექტივის, მოსწავლეების და მშობლების, მთელი სოფლის სახელით მივმართავთ განათლების სამინისტროს, რომ დააჩქარონ პროცესი და ამ გაზაფხულზე მაინც დაიწყონ სამშენებლო სამუშაოები. სკოლას ამ და სხვა საკითხების გადაჭრაში მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი ხანალი გახრამანოვი“, – უთხრა GUARDIANGE-ის ხაზეინ მუსაევმა.

დირექტორის ინფორმაციით, საქართველოს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელში, აწარმოეს ფოტო გადაღება იმ ტერიტორიების, რომელიც სკოლის ასაშენებლადა არის შერჩეული და საბოლოოდ შეჯერდნენ სოფლის თავზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს ახალი სკოლა.

„არის მეორე ნაკვეთიც – 1 ჰექტარი, მაგრამ ჩვენ ეს ვარჩიეთ, ნახევარი ჰექტარი სრულიად საკმარისია ჩვენთვის. ამჟამად, სკოლაში 80 მოსწავლე ირიცხება, მაგრამ ახალი სკოლა 150 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, რადგან შესაძლოა, მომავალში მატება იყოს რაოდენობის მხრივ. სკოლა სრულიად თანამედროვე, ევროპული სტანდარტების იქნება და სრულად დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ავტორიზაციის გასავლელად არის საჭირო“, – აღნიშნა ხაზეინ მუსაევმა.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ სპონსორს სურდა ახალი სკოლის აშენება, მაგრამ განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკება ვერ შედგა და ამ იდეას განხორციელება არ მოჰყოლია.

„წინა წლებში აქედან აზერბაიჯანში საცხოვრებლად წასულმა ერთ-ერთი ჩვენი თანასოფლელის შვილმა, რომელიც ბაქოში ცხოვრობს, როდესაც გაიგო, რომ ავარიულ მდგომარეობაში იყო ჩვენი სკოლა, ახალი სკოლის აშენება შემოგვთავაზა. ჩამოსული იყო აქ, საქმეში ჩაერთო როგორც განათლების სამინისტრო, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ასევე აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში, ადგილზე იმყოფებოდნენ მათი წარმომადგენლები, მაგრამ ვერ შედგა შეთანხმება, რადგან სპონსორს უნდოდა 20 კვ.მ.-ის მოცულობის საკლასო ოთახებისაგან შემდგარი ორსართულიანი სკოლის აშენება, სამინისტროს პოზიცია კი იყო, რომ თუკი ააშენებდა ახალ სკოლას, ყველაზე მცირე 35კვ.მ მაინც უნდა ყოფილიყო თითოეული საკლასო ოთახი, რაც არის ევროპული სტანდარტი. მოკლედ, ვერ შედგა შეთანხმება და სკოლის ნაცვლად, ამ ოჯახმა ჩვენს სოფელში მეჩეთი ააშენა“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ხაზეინ მუსაევმა.

დირექტორი მიიჩნევს, რომ სკოლის უმთავრესი მისია პირველ რიგში ბავშვების კარგად აღზრდა და სათანადო განათლების მიცემაა, რაც თანამედროვე სასკოლო სივრცეში უკეთესად მიიღწევა.

„ჩვენი ვალდებულება არა გაკვეთილების ფორმალურად, მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარება, არამედ შედეგის ქონაა და შემიძლია გითხრათ, რომ დიდწილად ვახერხებთ კიდეც ამას. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის არიან ჩემი შვილებიც. ბოლო პერიოდში უმრავლესობა უმაღლეს განათლებას საქართველოში იღებს და არა აზერბაიჯანსა ან რომელიმე სხვა ქვეყანაში და ჩვენს სახელმწიფოში განაგრძობენ საქმიანობას. ამ მხრივ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.

„ჩვენი მთავარი მისია, როგორც ვთქვი, მომავალი თაობისთვის კარგი განათლების მიცემა და მათი კარგ მოქალაქეებად აღზრდაა, მაგრამ სათანადო განათლების მისაღებად მნიშვნელოვანია ადეკვატური გარემოს არსებობა – თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კარგი სკოლა, სათანადოდ მოწყობილი, რომ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც მეტი სტიმული გააჩნდეთ.

„აქ კი, სადაც ახლა ვიმყოფებით, არავითარი თვალსაჩინოება არ არსებობს, გაუბედურებული საკლასო ოთახები და შელახული ინფრასტრუქტურაა და ასეთ პირობებში კარგი შედეგის მიღწევა ძნელია. სკოლა უნდა იყოს თანამედროვე და ყველაფრით – ტექნოლოგიებით, ლაბორატორიებით უზრუნველყოფილი. და რა თქმა უნდა, სასურველია, აუცილებელიც კი, რომ ბავშვები თავიანთ სოფელში დადიოდნენ სწავლის მისაღებად, როგორც ამას არაერთგან, კარგად გაკეთებულ სკოლებში ვხედავთ.

„მოგეხსენებათ, ბოლო წლებში საქართველოში, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტშიც, არაერთ სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, ასევე, არაერთი ახალი სკოლა აშენდა და მინდა მადლიერება გამოვხატო ამისათვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ჯერიც მალე დადგება. საგანმანათლებლო სფეროში ჩემი 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში საქმიანობას წარმატებულად მივიჩნევ და ჩემს მთავარ მისიას შესრულებულად ჩავთვლი, თუკი აი, აქ, სადაც ახლა ვიმყოფებით, ამ ტრიალ მინდორზე – რომელიც მთელ სოფელს ამაყად გადაჰყურებს და საუცხოო ადგილია – ახალი სკოლა დაიწყებს არსებობას.

„ამასთან, ერთ საკითხსაც მინდა შევეხო, ეს არის ფორმები. ვისურვებდი, რომ უკვე ამ ახალ სკოლაში მოსწავლეებს ერთნაირი ფორმები ეცვათ, როგორც ეს ადრე იყო. რადგან განსხვავებული ჩაცმულობა სხვადასხვაგვარად აღიქმება მოსწავლეებში – ზოგს ძვირადღირებული ტანსაცმელი შეიძლება ეცვას, ზოგს ნაკლებფასიანი და ბავშვები ამას, ერთმანეთის ჩაცმულობას, ყურადღებას აქცევენ, განიხილავენ, ერთნაირი ფორმების შემთხვევაში კი, ეს პრობლემა არ იარსებებს და არც მშობლებს ექნებათ იმის საჭიროება, რომ ბოლო თეთრები გაიღონ თავიანთი შვილების კარგი ჩაცმა-დახურვისთვის“, – აღნიშნა ხაზეინ მუსაევმა GUARDIANGE-ისთან საუბრისას.

ხაზეინ მუსაევის ბიოგრაფია
დაიბადა 1959 წლის 5 მარტს, მარნეულის რაიონში, კიროვკის 8-წლიანი სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა დამია გეორარხის საშუალო სკოლაში განაგრძო, 1987 წელს აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრებიდან მალევე კი, მშობლიურ რაიონში დაბრუნდა, წლების განმავლობაში საქმიანობდა კომკავშირის რიგებში, ასევე თბილისის კიროვის რაიონის პოლიციის განყოფილებაში; გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მარნეულის რაიონის სოფელ ცოფში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, 1995 წელს კიროვკის 8-წლიანი სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტზე განაგრძო საქმიანობა, 1997 წელს კი დირექტორად დაინიშნა და 28 წელია, რაც სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლას უდგას სათავეში.