GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზის სექტორის აშშ-ის დაქვემდებარებაში გადასვლის სურვილს კიდევ ერთხელ გამოხატავს და ირწმუნება, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისრაელი მას შეერთებულ შტატებს გადასცემს და ღაზის სექტორში ამერიკის ჩართულობით განხორციელებული აღმშენებლობა რეგიონს სტაბილურობას მოუტანს.
„ბრძოლების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორი ისრაელის მიერ შეერთებულ შტატებს გადაეცემა. პალესტინელები, ჩაკ შუმერის მსგავსი ადამიანები, უკვე დასახლებული იქნებოდნენ ბევრად უფრო უსაფრთხო და მშვენიერ თემებში, აღნიშნულ რეგიონში, ახალი და თანამედროვე სახლებით. მათ ნამდვილად ექნებათ შანსი იყვნენ ბედნიერი, უსაფრთხო და თავისუფალი. აშშ, მსოფლიოს მასშტაბით შესანიშნავ დეველოპერულ გუნდებთან ერთად, ნელ-ნელა და ფრთხილად დაიწყებს მშენებლობას, რაც გახდება დედამიწაზე მსგავსი ტიპის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე შთამბეჭდავი განვითარება. აშშ-ის მიერ არანაირი ჯარისკაცი არ იქნება საჭირო! რეგიონში სტაბილურობა იმეფებს!!!“ – წერს ტრამპი თავის მედია პლატფორმაზე.
ღაზის მიმართ აშშ-ის ინტერესის შესახებ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია „გადაიბაროს“ ღაზა და „ნამდვილი საქმე გააკეთოს“ აუფეთქებელი ბომბების გაუვნებელყოფით, პალესტინის ტერიტორია კი, ეკონომიკური განვითარებით, „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ გადააქციოს. მან პალესტინელებს შესთავაზა, რომ ღაზის აღდგენამდე, მიმდებარედ დასახლდნენ, თუმცა ტრამპის ეს მიდგომა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მიუღებელია.
„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ დონალდ ტრამპის განცხადებებს ღაზას სექტორის „ხელში ჩაგდების“ შესახებ „სასაცილო“ და „აბსურდული“ უწოდა.
„ტრამპის განცხადებები ღაზის კონტროლის სურვილის შესახებ სასაცილო და აბსურდულია, და ამ ტიპის ნებისმიერ იდეას შეუძლია რეგიონი ააფეთქოს“, – განაცხადა აბუ ზუჰრიმ, როგორც ამას Reuters-ი იტყობინება.
ნეთანიაჰუმ კი, რომელიც პირველი უცხოელი ლიდერია, ვინც აშშ-ის პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევის შემდეგ თეთრ სახლში ეწვია, განაცხადა, რომ ტრამპის გეგმა „ყურადსაღები“ იდეაა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის ვაშინგტონში ვიზიტი მსოფლიო ასპარეზზე წახალისებაა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ომის დანაშაულების ბრალდებით მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა.
ვაშინგტონი არ აღიარებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს – რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს ვალდებულება დააკავოს ნეთანიაჰუ. თეთრმა სახლმა მკაცრად დაგმო ICC-ის ნაბიჯი.
მიიჩნევენ, რომ ტრამპის წინადადება უცილობლად შეაფერხებს მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპს, რომლის მიზანიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება და ღაზაში დატყვევებული მძევლების გათავისუფლებაა.
ნეთანიაჰუმ მასპინძელს უთხრა, რომ ის არის „ყველაზე დიდი მეგობარი ისრაელის, ვინც კი ოდესმე მას ჰყოლია“. ნეთანიაჰუ და ტრამპი ახლო მოკავშირეები იყვნენ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას, როდესაც მან აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა, რამაც პალესტინელების გულისწყრომა გამოიწვია.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ირანს „ვერ ექნება ბირთვული იარაღი“ და „სამწუხარო“ იქნებოდა, თუ თეირანი ფიქრობს, რომ შეუძლია განავითაროს ატომური ბომბები.
როგორც Associated Press-ი წერს, პროვოკაციული კომენტარები იმ დროს გაკეთდა, როდესაც ამ კვირაში მოლაპარაკებები ღაზის ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენისთვის საჭირო მარაგების გაზრდაზე დაპირების შესახებ ინტენსიურ ფაზაშია შესული, რომლის მიზანიცაა 15 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ ღაზის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. ახლა ტრამპს სურს დაახლოებით 1.8 მილიონ ადამიანს აიძულოს იმ მიწის დატოვება, რომელსაც ისინი სახლს უწოდებენ და მოითხოვოს იგი აშშ-სთვის – ამერიკული ჯარების შესაძლო განლაგებით.
„აშშ დაიკავებს ღაზას სექტორს და ჩვენ ვიმუშავებთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტრამპმა საღამოს პრესკონფერენციაზე, რომელზეც ნეთანიაჰუ მის გვერდით იდგა. პრეზიდენტმა, რომელმაც წარსულში სახელი გაითქვა, როგორც ნიუ იორკის უძრავი ქონების დეველოპერმა, დასძინა: „ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ეს იქნება მსოფლიო დონის“. ეს შესანიშნავი იქნება ხალხისთვის – პალესტინელებისთვის, უმეტესად პალესტინელებისთვის, ვისზეც ვსაუბრობთ ჩვენ“.
ტრამპმა თქვა, რომ აშშ აღადგენს ტერიტორიას პალესტინელების სხვაგან განსახლების შემდეგ და მას აქცევს ადგილად, სადაც „მსოფლიოს ხალხები“, მათ შორის პალესტინელები, იცხოვრებენ. მას არ გაუხმოვანებია დეტალები იმის შესახებ, თუ რა უფლებამოსილება შეიძლება გამოიყენოს შეერთებულმა შტატებმა მიწის მოსაპოვებლად და განსავითარებლად.
მოკავშირეები უარს აცხადებენ ტრამპის წინადადებაზე
ეგვიპტემ, იორდანიამ და აშშ-ის სხვა მოკავშირეებმა ახლო აღმოსავლეთში გააფრთხილეს ტრამპი, რომ პალესტინელების ღაზის სექტორიდან გასახლება საფრთხეს შეუქმნის ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას, რისკს შექმნის იმისას, რომ კონფლიქტი გაფართოვდეს და ძირს უთხრის აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ ათწლეულების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას ორსახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მისაღწევად.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთრი რეაქციის გამომხატველი განცხადება გამოაქვეყნა ტრამპის მიმართ, სადაც აღნიშნავს, რომ მათი ხანგრძლივი მოწოდება დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შესახებ არის „მტკიცე, შეუქცევადი და ურყევი პოზიცია“. საუდის არაბეთი აშშ-სთან უსაფრთხოების პაქტისა და სხვა პირობების სანაცვლოდ მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელის დიპლომატიური აღიარების შესახებ.
„საერთაშორისო თანამეგობრობის ვალია დღეს იმუშაოს იმისთვის, რომ შეამციროს პალესტინელი ხალხის მძიმე ტანჯვა, რომელიც კვლავ ერთგული დარჩება საკუთარი მიწისადმი“, – ნათქვამია საუდის არაბეთის განცხადებაში.
და მაინც, ტრამპი ამტკიცებს, რომ პალესტინელებს „არ აქვთ სხვა ალტერნატივა“, გარდა იმისა, რომ დატოვონ „ნანგრევების დიდი გროვა“ – ღაზის სექტორი – ომისაგან დაქცეული ტერიტორია, რადგან დროებითი ზავის ხელშეკრულება არ არის სიცოცხლისუნარიანი.
გასულ კვირას, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ და იორდანიის მეფე აბდულა მეორემ უარყვეს ტრამპის მოწოდებები ღაზის მოსახლეობის სხვაგან დასახლების შესახებ. მაგრამ როგორც ტრამპმა თქვა, ის მიიჩნევს, რომ ეგვიპტე და იორდანია – ისევე როგორც სხვა ქვეყნები, რომლებიც მან არ დაასახელა – საბოლოოდ დათანხმდებიან პალესტინელების მიღებას.
„თუ ათწლეულებს გადავხედავთ, ღაზაში ყველაფერი სიკვდილთანაა დაკავშირებული“, – თქვა ტრამპმა. „ეს წლების განმავლობაში ხდება. ეს ყველაფერი სიკვდილია. და ჩვენ შევძლებთ მივიღოთ ლამაზი ტერიტორია, სადაც ადამიანები მუდმივად დასახლდებიან მშვენიერ სახლებში, სადაც ისინი ბედნიერები იქნებიან და არა ტყვიების მსხვერპლნი და დანებით აჩეხილნი სიკვდილის პირამდე, როგორც ეს ახლა ხდება ღაზაში“.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აშშ-ის ჯარების განლაგებას ღაზის აღდგენის მხარდასაჭერად და მის გრძელვადიანი პერიოდით დასაუფლებლად.
პრეზიდენტის წინადადებას „დემოკრატები“ შეშფოთებით, ხოლო „რესპუბლიკელი“ მოკავშირეები სკეპტიციზმით შეხვდნენ.
„მან სრულებით დაკარგა აღქმის უნარი. მას აშშ-ის ღაზაში შეჭრა, რაც ათასობით ამერიკელის სიცოცხლის დაკარგვის ფასი დაჯდება და ახლო აღმოსავლეთის 20 წლის განმავლობაში ცეცხლის ალში გახვევა სურს? ეს ავადმყოფობაა“, – განაცხადა კონექტიკუტის შტატის „დემოკრატმა“ სენატორმა კრის მერფიმ.
„ჩვენ ვნახავთ, რას იტყვიან ჩვენი არაბი მეგობრები ამის შესახებ“, – თქვა სამხრეთ კაროლინის შტატის „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და ტრამპის მოკავშირემ ლინდსი გრემმა. „და ვფიქრობ, რომ სამხრეთ კაროლინელების უმეტესობა ალბათ არ არის აღფრთოვანებული იმით, რომ ამერიკელები გაიგზავნონ ღაზის ასაღებად. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს პრობლემური, მაგრამ გავითვალისწინებ საღ აზრს“.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ