Friday, February 21, 2025
0.8 C
Tbilisi

მამუკა მდინარაძე: დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი, რომლის მიღების შემდეგაც გამჭვირვალობის კანონი გაუქმდება; ასევე, დაინიცირდება ბრიტანული მოდელის მედიის კანონი და შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.

„როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არეულობის და რევოლუციის მხარდაჭერას. შარშან პარლამენტმა მიიღო  „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა, იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ, მის ნაცვლად, მივიღებთ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.

„საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რათა მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი, გამჭვირვალობის კანონი გაუქმდება.

კითხვაზე, „გამჭვირვალობის კანონი გაუქმდება?“, – მდინარაძემ უპასუხა: „მისი მიღების შემდეგ, დიახ“.

ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა: „დავანებოთ ყველა დეტალს თავი. ლობიზმს შეეხება? ლობიზმის შესახებ იქნება, არ შეეხება? – არ იქნება. რასაც შეეხება ამერიკული კანონი, ზუსტად იგივე იქნება დაკოპირებული და დაინიცირებული“.

ასევე, დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

მდინარაძის განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

„შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები