Sunday, February 23, 2025
-3.2 C
Tbilisi

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად გამოიკითხა. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლოში ივანიშვილის გამოკითხვა.

„არ ვიცი, რა არის მათი სტრატეგია, რას აცხადებდნენ, არ მომისმენია, თუმცა შემიძლია, დავადასტურო ფაქტი და თქვენც ყველა აქ ბრძანდებოდით, მგონი ნახეთ, როდის დაიწყო სასამართლო სხდომა. თავდაპირველად განხორციელდა რამდენიმე შუამდგომლობის განხილვა და ეს გაგრძელდა ნახევარ საათს. ერთ საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ, არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და ასევე პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონია. ჩვენი აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკითხი ძალიან მარტივადაა. ყველა გარემოებით, მტკიცებულებებით, ჩვენებებით დასტურდება, რომ ინვესტორი ამ საქმეში არის ჩემი მარწმუნებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც არ გაქვს ფული, უზრუნველყოფა და არ იღებ საკუთარ თავზე ინვესტიციიდან გამომდინარე რისკებს, ვერავინ დაგიძახებს ინვესტორს“, – განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

ამასთან, პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, დღევანდელი ჩვენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რადგან ამ ჩვენებით ცალსახად დადასტურდა როგორც ბიტკოინის მითვისების, ასევე ფულის გათეთრების ნაწილი.

„ეს ყველაფერი დეტალებში იქნა ახსნილი, განმარტებული, მითითებული კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ყველა იმ არსებით გარემოებაზე, რაც თავის მხრივ, დოკუმენტურად არის დადასტურებული, ეს ურთიერთობები დოკუმენტურად არის ასახული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღევანდელი ჩვენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც სრულად თანხვედრაშია ერთი მხრივ, როგორც აქამდე დაკითხულ ყველა მოწმის ჩვენებასთან, მეორე მხრივ, დოკუმენტებთან“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ მთავარი მოწმე არცერთ დეტალს არ იხსენებდა და შესაბამისად, კითხვებზე, რომლებიც შეეხებოდა დოკუმენტს, დეტალურად ფაქტობრივ გარემოებას, ის პასუხს თავს არიდებდა.

„ზოგადად თქვა, რომ მე ვიყავი ინვესტორი და აბა ბაჩიაშვილს ხომ არ ვასესხებდი ფულსო. მას უნდოდა ამ ყველაფრის წარმოჩენა იმგვარად, თითქოს ბაჩიაშვილზე კრედიტის მიცემა იქნებოდა ყველანაირ აზრს მოკლებული და გამორიცხული. ასევე დავამატებ, გაჟღერდა, ასე ვთქვათ, მუქარის შემცველი რამდენიმე წინადადებაც, მათ შორის ჩვენს სხვა კონტრაქტიულ და სამოქალაქო სამართლის ურთიერთობაზე, ეს ფონდის გარკვეულ, სხვა სტრუქტურულ ნაწილებს შეეხება. ის პირდაპირ დამემუქრა, რომ მანდაც მოსალოდნელია გარკვეულ პასუხისგებაში ჩემი მიცემა. ამის უკვე არ მეშინია, ეს უკვე მესამე შემთხვევა იქნება, როდესაც სამოქალაქო საკითხი იხილება სისხლის სამართლის კუთხით ივანიშვილის დავალებით“, – აღნიშნა გიორგი ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან, მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები