საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისათვის საკმაოდ მაღალია და გაუგებარი და მიუღებელია მედიაში გავრცელებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები, თითქოსაქტივობა დაბალია, მოქალაქეები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ელექტრონული აპარატები გამოსულია მწყობრიდან.
„არჩევნების მოდერნიზება – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება გადამწყვეტ ეტაპზეა და სწორედ ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციამ როგორც პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისე 2024 წელს დაგეგმილი პარლამენტის არჩევნებისთვის აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყო. სწორედ ამ აქტიური კამპანიის შედეგია ის რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.
რაც შეეხება აქტივობას – 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა14 309(7.76%) ამომრჩეველი. მონაცემები, რომელიც ახლა გაგაცანით, ადასტურებს რომ ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისათვის საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია მედიაში გავრცელებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები, თითქოსაქტივობა დაბალია, მოქალაქეები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ელექტრონული აპარატები გამოსულია მწყობრიდან, ასევე თითქოს ამომრჩევლებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ხმის მიცემა უჭირთ – ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას. აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ამ განცხადებების დამადასტურებელი ერთი ფაქტიც კი არ წარმოუდგენიათ. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არჩევნების მოდერნიზება საერთო ეროვნული საქმეა და დაუშვებელია ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ამ პროცესის შეგნებული დაზიანება და დისკრედიტაცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა და ნუ გაავრცელებენ დეზინფორმაციას. აქვე ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესში ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში ყველა რისკი დაზღვეულია, გათვალისწინებულია რეაგირების მექანიზმები და კენჭისყრა არ შეფერხდება“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.