„რესპუბლიკელი“ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს უოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის, მომავალი სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეხვედრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მადლიერი ვარ, წარმედგინა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟისთვის, დონალდ ტრამპ უმცროსისთვის. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში ამდენი სიკეთის გასაკეთებლად იღვწიან“, – დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უილსონი პრეზიდენტად მოიხსენიებს, ასევე აშშ-ის მომავალ სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებს, მარკო რუბიოსა და პიტ ჰეგსეტსაც შეხვდა.
„დიდებული იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის და მომავალი თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეხვედრის ორგანიზება. მშვიდობა ძალის მეშვეობით დაბრუნდა ამერიკაში“, – აცხადებს უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი მორიგ განცხადებას უკვე ზურაბიშვილის მარკო რუბიოსთან შეხვედრის შესახებ აქვეყნებს.
„მადლიერი ვარ, რომ შევძელი ორი დიდი პატრიოტის, პრეზიდენტ ზურაბიშვილის და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრის ორგანიზება აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობების დასაცავად და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად“, – წერს უილსონი სოციალურ ქსელში.