მიმდინარე ვიზიტისას, თქვენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრაცაა დაგეგმილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.
მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს COP29-ის კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აფასებს საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.
„გასული წლის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდით აზერბაიჯანში. თქვენთან როგორც მარტში, ასევე ნოემბერში COP29-ის ფარგლებში შეხვედრები ძალიან კარგად მახსენდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით აქტიური მონაწილეობისთვის COP29-ის ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 საიუბილეო სხდომას ვატარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსჯელობები მიღებული გადაწყვეტილებები და ოქმები, ასევე ორმხრივი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას,“- განაცხადა ალი ასადოვმა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საელჩოს ახალი შენობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დათვალიერება.
„აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოყოფილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დავალებითა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით. ის ბაქოს ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე მდებარეობს“,- აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა.
ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მიულოცა.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 2024 წელი, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად, ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველოშიც ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნების გამომხატველი იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლებები, კონსტრუქციულად და მჭიდროდ იმუშავებენ და ჩვენი ხალხების განვითარებას და კეთილდღეობას ხელს შეუწყობენ. დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების პატივისცემას თქვენი მხრიდან და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.