Friday, January 10, 2025
2.8 C
Tbilisi

სალომე ზურაბიშვილი ახალ ოფისში გადადის და აცხადებს, რომ ის არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამასთან, მთავრობას და პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ახალ არჩევნებს ითხოვს და აანონსებს, რომ მიემგზავრება ტრამპის ინაუგურაციაზე ვაშინგტონში, სადაც მაღალი დონის შეხვედრები ექნება

ჩემი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება, რადგან მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო სამშვიდობოზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუცია სწორად არ ფუნქციონირებს.

„მინდა, დღეს თქვენ მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც არის გაგრძელება ორბელიანების სასახლის. შეიძლება, არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია იმ ქვეყანაში, რომელიც დღეს იმყოფება ძალიან ღრმა კრიზისში. ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, როგორიც საქართველოს არ ჰქონია, ძალიან ბევრი წელია. ის სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს პრაქტიკულად დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა ინსტიტუტი და, პირველ რიგში, კონსტიტუცია აღარ არსებობს. ფეხქვეშ გათელილია კონსტიტუცია არამხოლოდ იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე ძალიან ბევრი სხვა მუხლის გამო. ისინი, ვინც არიან დღეს სათავეში, ამ ქვეყნის მმართველი პარტია, არაფრად თვლის არც კონსტიტუციას, არც ადამიანის უფლებებს და არც ხალხის ნებას. ჩვენ აღარ გვაქვს სასამართლო. სხვადასხვა ტიპის მცდელობები მიდიოდა ამ სასამართლო სისტემის რეფორმირების, დღეს ეს უკვე აღარ არის დღის წესრიგში. არათუ რეფორმა, სასამართლო აღარ არსებობს, ეს ძალიან ნათლად დავინახეთ არჩევნების დროს, როცა არცერთმა, ერთის გარდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა არაფერი. ასევე, თუ გადავხედავთ სხვა ინსტიტუტებს, პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილ კარებს მიღმა ერთპარტიული შეკრება, რომელიც რა გადაწყვეტილებებს იღებს, არავინ იცის, ან რატომ იღებს, ან რის საფუძველზე, ან ვისი ინსტრუქციით, ეს ინსტრუქციები მოდის ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრების მიღმა არის მიღებული, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება, დიდი ხანია, არ ვიცით. ან ვიღაც რატომ არის მოხსნილი თანამდებობიდან, ესეც არასდროს არის ახსნილი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, დღევანდელი მთავრობა და პარლამენტი არის არალეგიტიმური, რაც არის „ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი“.

„მთავრობა, როგორც პარლამენტი, არის არალეგიტიმური. მათი საფუძველი არის მოპარული არჩევნები. ამდენად, ლეგიტიმურობაზე ლაპარაკი ვერ იქნება. ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა, დე ფაქტო პრეზიდენტი ცდილობენ რაღაცნაირად, რომ შექმნან სურათი მმართველობის, როცა რეალურად ქვეყანა არის გაჩერებული. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი. ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში, ერთპარტიული ხელმძღვანელი დანიშნული არის ერთი პარტიის მიერ და ალბათ ერთი ადამიანის მიერ. ეს ეხება ყველაფერს – ანტიკორუფციული, აუდიტი, ეროვნული ბანკი, პირად მონაცემთა სააგენტო და ა.შ. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ინსტიტუტს, სადაც არსებობს დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც არ იქნა დანიშნული უშუალოდ პარტიისგან და რომელიც ყოველდღიურად არ ასრულებს პარტიის ინსტრუქციებს. ასევე, არის საზმაუ, რომელიც დღეს გამოდის და რეალურად გვაჩვენებს ქვეყნის მატყუარა სურათს. პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში შეგვიძლია, ვნახოთ, როგორ არის დამახინჯებული რეალობა. ეს არის ჩვენი რეალური დღევანდელი სურათი, რომ არსებობს ის რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც ვიცით, რა დღეში არის ქვეყანა, რა უნდა ხალხს და მეორე მხარეს არის ეს რაღაც ფანტასმაგორიული რეალობა, რომელიც არ არსებობს და რომელშიც უნდათ, რომ გვაცხოვრონ, რომელიც არის მოწყვეტილი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ მოწყვეტილი არის ასევე გარე თანამეგობრობისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო საქართველო გადასული არის ამ ყველაფრის გამო იზოლაციაში და ჩაკეტილია ქვეყანა, რაც, ცხადია, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც დღეს ასევე დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რომ რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში. ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების სწორედ არის ის ძალიან ძვირად ღირებული მანქანები, რომლებიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი – რუსეთში, ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს საქართველოდან გაყვანის. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია. ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ალბათ ერთ-ერთი წყარო, რითიც დღეს კიდევ ინარჩუნებს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა.

„აქედან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, არჩევნები. ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები არ აღიარებენ არჩევნებს, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც არ ითვლებიან, როგორც ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე ვაშინგტონში ჯო უილსონის დაპატიჟებით. თქვენ იცით, რომ ამ ინაუგურაციაზე არის მიწვევის სხვადასხვა ვარიანტი, რომელშიც არავინ არ იხდის ფულს, სხვათა შორის. რომ ყოფილიყო ამის საშუალება, ალბათ ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები. მაგრამ დავტოვოთ ეს ხუმრობა გვერდზე. მთავარი ის არის, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან. არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, ეს არის მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, რომ არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან, ვერავინ ვერ მართავს დიდხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ვერტიკალში არის ძალიან სერიოზული კითხვები, რომ პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს. დიდხანს ვერცერთი ინსტიტუტი ვერ შეეგუება იმას, რომ იყოს მართული ამ ფორმით. თუ მმართველი პარტია არ შეეგუება, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, ეს ქვეყანა იქნება ასე გაყინული. გრძელდება ბრძოლა. მისი მთავარი კომპონენტი არის ის ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში, რომელსაც მეც ვუერთდები, რამდენადაც შემიძლია. მე ხვალ მივდივარ ზუგდიდში, სადაც ხალხთან ერთად ვიქნები. მას მერე, რაც ამერიკიდან დავბრუნდები, სხვადასხვა რეგიონში ჩასვლას ვაპირებ, რადგან ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის პროტესტი. მე მექნება ყველასთან კავშირი. ჩემი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება, რადგან მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა გალში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„მინდა, ჩემი ძალიან ღრმა მწუხარება გავუზიარო ოჯახს და მთლიანად გალს ნამდვილად უსამართლო ტრაგედიის წინაშე, რომელიც ასახავს იმ მდგომარეობას, რაც სუფევს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც არანაირი დახმარება არ გამოუჩნდათ იმ ბავშვებს, როდესაც ასეთი ხანძარი გაჩნდა. ეს ყველასთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია, მთლიანად საქართველოსთვის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები