ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის.
შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.
ასევე, მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.
შეკრებილი პირები, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.
დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ნაწილი მათგანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ადრე გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.