Wednesday, December 25, 2024
5.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: 1 000 კაცსაც ვეღარ კრებს 4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი NGO რუსთაველის გამზირზე, რადიკალური ოპოზიცია აღარ ექვემდებარება გაცოცხლებას

რადიკალური ოპოზიცია აღარ ექვემდებარება გაცოცხლებას, იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ისევ მათმა პატრონებმა ეს ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავიდან ბოლომდე გარედან არის მართული და დამოუკიდებლობის ნულოვანი რესურსი აქვს.

„მგონი ვიღაცეები ვერ აფასებენ ჯანსაღად მოვლენებს. ისიც არ იციან მგონი, რომ 1 000 კაცსაც ვეღარ კრებს 4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი NGO რუსთაველის გამზირზე და რაღაცნაირად, ვიღაცამ სცადა, რომ ძალა შეეძინა პროტესტისთვის, რომელიც უკვე არის ჩამქრალი. ამას უკავშირდება, ბუნებრივია, ეს არაფრისმომცემი სანქციების დაწესება, განცხადებები ევროპული საბჭოს და მინისტრთა საბჭოს მხრიდან. რეალურად, ამით ოპოზიციას ვერავინ გააცოცხლებს. რადიკალური ოპოზიცია აღარ ექვემდებარება გაცოცხლებას, იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ისევ მათმა პატრონებმა ეს ადამიანები. აქედანაც ჩანს, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია თავიდან ბოლომდე გარედან არის მართული, დამოუკიდებლობის ნულოვანი რესურსი აქვს და პრინციპში, კარგად ვითარდება ძალიან მოვლენები. ამ დღეების განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა, რაც არის არა მარტო კარგი და საჭირო, არამედ აუცილებელიც იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის ჩაუვარდა ბიზნესზე ზეწოლის მცდელობაც.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება.

„რადიკალურ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის ჩაუვარდა ბიზნესზე ზეწოლის მცდელობაც. რაღაც პატარა შედეგს მიაღწიეს, თუმცა ვერავითარი არსებითი შედეგი ვერ მიიღეს. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება ერთადერთი, ბიზნესის თავისუფლებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება, მათ შორის ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება იმ ბიზნესსუბიექტების თავისუფლებასაც, რომლებიც ასეთ აქტებს შეუერთდნენ, ჩვენი დამოკიდებულება არის ცალსახა. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რა ხელწერაც ჰქონდათ მმართველობის პირობებში 2012 წლამდე, ზუსტად იგივე ხელწერით მოქმედებენ დღესაც ბიზნესში შეჭრა, ბიზნესის თავისუფლების ხელყოფა, ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა 2012 წლამდე და აქაც იკითხება, ზუსტად იგივე ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ჯერ თავს დაესხა პირდაპირ ეუთოს და ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე.

პრემიერის განცხადებით, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ ობიექტურად ხდება მოვლენების შეფასება, იწყება თავდასხმა ასეთ ადამიანებზე.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, თავდაპირველად ისინი თავს ესხმოდნენ ეუთო-ოდირს, თქვენ გახსოვთ, რა მასშტაბის თავდასხმა განხორციელდა ეუთო-ოდირზე, როდესაც ეუთო-ოდირმა დადებითად შეაფასა ქართული არჩევნები. გრძელდება ეს თავდასხმა, იმიტომ, რომ ელოდებიან, რომ იგივე დასკვნა განმეორდება უკვე, როდესაც საბოლოო დოკუმენტი ჩამოყალიბდება. იგივეა ზუსტად ევროსაბჭოს შემთხვევაში. ეუთო და ევროსაბჭო არის ორი უმსხვილესი ევროპული გაერთიანება, სადაც ჭარბობენ სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოები და შესაბამისად, ეს ორი სუბიექტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ევროპაში მოვლენების სწორი მიმართულებით განვითარებაში. თუმცა ისინი პირდაპირ თავს ესხმიან ევროპის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ჯერ თავს დაესხნენ პირდაპირ ეუთოს და ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე. ეს ხდებოდა 4 წლის წინაც. როდესაც ხედავენ, რომ არიან გარკვეული ობიექტური სუბიექტები, რომლებიც ობიექტურად აფასებენ მოვლენებს ქვეყანაში, მაშინვე რადიკალური ოპოზიცია არჩევს ხოლმე თავდასხმას ასეთ ადამიანებზე. ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. სინამდვილეში ხდება ის, რომ სადაც ნაკლებია „დიფ სთეითის“ გავლენა, იქ არის მეტი ობიექტურობა, ეს ვიხილეთ სწორედ ეუთოს და ევროსაბჭოს შემთხვევაში. ერთადერთი, ვისაც აღიარებს რადიკალური ოპოზიცია, არის სწორედ „დიფ სთეითი“, ანუ ისინი არიან მათი პატრონები, ეს არის რეალურად ის, რაც დგას ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები