დედაქალაქის მერი კახა კალაძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკელი ეკონომისტისა და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსის, ჯეფრი საქსის ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება სიფრთხილე და წინდახედულება, რის შესახებაც ის ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებდა.
კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და დაცული იყოს ეროვნული ინტერესები.
მისივე თქმით, შესაძლოა, დღეს ეს გადაწყვეტილებები არაპოპულარული ჩანს, თუმცა დრო აჩვენებს მათ სისწორეს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მიუხედავად ზეწოლებისა, შემოტევებისა და მუქარებისა. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. გვახსოვს სულ რამდენიმე წლის წინანდელი მწარე წარსული, 2008 წლის ომი და რა შედეგები მოგვიტანა ამ ყველაფერმა. დავკარგეთ ტერიტორიები, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა და გმირი ჯარისკაცები დაგვეღუპა, უმძიმესი შედეგების წინაშე აღმოვჩნდით და ჯერაც არ მოგვიშუშებია ეს ტკივილები. უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და კარგად გვესმის, რა მოაქვს ომს და რამხელა უბედურების მომტანია ქვეყნისთვის. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. შესაბამისად, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, პირველ რიგში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. შეიძლება, ხშირად გვიწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც, შესაძლოა, არაპოპულარული იყოს, მაგრამ გავა დრო და დამერწმუნეთ, ყველა მიხვდება, რამხელა უბედურებას ავარიდეთ ქვეყანა ჩვენი სწორი და პრაგმატული პოლიტიკით“, – განაცხადა კახა კალაძემ.