ამაზრზენი ტყუილი გაავრცელეს მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ, ყველა ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს იმის საჭიროება, რომ ექიმთან მივიდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ვარჯიშის დროს მსუბუქი დაზიანება მიიღო და ამასთან დაკავშირებით ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილი მოიგონეს.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გაავრცელა ერთ-ერთმა არარაობამ, არ მოვერიდები ამის თქმას და მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით, რა, მე მეუხერხულება… ყველა ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს იმის საჭიროება, რომ ექიმთან მივიდეს. ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან აბსურდული უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პარტია დატოვა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას.
„მინდა, გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებსა და ტყუილს, რომლებიც საზოგადოებამ იხილა ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და, მით უმეტეს, კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, თითქოს ამ ფონზე დავტოვე პარტია. ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს, და, მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.