თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპზე მსურველთა რეგისტრაცია იწყება.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ახალი პროფესიის დაუფლებასა და დასაქმებაში, ასევე, მეორე მხრივ, ბიზნესს – კადრების მოძიებაში.
„გვაქვს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შევუწყოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად, ვახორციელეთ მათ გადამზადებას, პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით. 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ვაცხადებთ დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე www.dasakmdi.ge. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას. ბიზნესთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ვფლობთ სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნები აქვთ მათ, რა მიმართულებით ეძებენ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ სამუშაოს შეასრულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსზე სწავლა უფასოა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში არსებულ 40-ზე მეტ სპეციალობას, წელს ორი ახალი კურსი დაემატება.
„პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სემესტრში მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში. წელს პირველად დაემატება კინოგამნათებლობისა და დეკორატიული ლესვის კურსები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია თბილისში რეგისტრაცია და სრულწლოვანება, კურსების ხანგრძლივობა ერთიდან შვიდ თვემდეა, სასწავლო პროცესი კი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.
„აქვე მოგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა 8 000-მდე ადამიანი და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. ძალიან მაღალი მაჩვენებლია, თუმცა არსებობს რესურსი, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გავზარდოთ და დასაქმების შესაძლებლობა მეტ ადამიანს მივცეთ“, – განაცხდა კახა კალაძემ.