„ქართულ ოცნებაში“ შიგნიდან უკვე ხოცავენ ერთმანეთს, ფიზიკურ ცემა-ტყეპაზე არიან გადასულები, როგორც ჩვენს ახალგაზრდებს ცემენ, ისე ცემენ ერთმანეთს, ხელჩართული ომები აქვთ ერთმანეთში, – აღნიშნულის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
გახარია ირწმუნება, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა გამოსავალი არ ექნება, თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. მისი აზრით, პოლიტიკური გამოსავალი ორი აუცილებელი ნაბიჯისგან შედგება – სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და „დადონ ახალი არჩევნების თარიღი“.
„ეს „ოცნება“ რაც არის, ეს უკვე ყველასთვის გასაგებია. მე ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ვიფიქრებთ „ოცნებაზე“ და ვიფიქრებთ ჩვენს დღის წესრიგზე, ბევრად უფრო უკეთესია. ჩვენი დღის წესრიგი მარტივია: არ უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმაცია; ქუჩაში უნდა იყოს მუდმივი წნეხი, არა მხოლოდ რუსთაველზე, თბილისის სხვა ადგილებში და სხვა ქალაქებში; საერთაშორისო საზოგადოება უნდა მოგვეხმაროს პირდაპირი სამიზნე სანქციებით კონკრეტულ ინდივიდებზე… ამის შემდეგ ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ სისტემური კრიზისის შედეგებს მინიმალური ასახვა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეებზე.
„მაგალითად, უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს კი არ გააუქმონ, არამედ დაასანქცირონ ისინი, ვინც დამნაშავეები არიან იმაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება… ამის შემდეგ, ჩვენ ყველამ ერთად უფრო მეტი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყანაში მოქალაქის უფლებები არ იყოს დაზიანებული და დაზარალებული, რადგან ამათ თავისი ჯიბის და ძალაუფლების შენარჩუნების მეტი არაფერი ადარდებთ და ეს განგრძობადი წნეხი საერთაშორისო და შიდა, უნდა გაგრძელდეს, სანამ ესენი არ დაჯდებიან და მერწმუნეთ, რომ დაჯდებიან, როგორც კი მათ პირად და პერსონალურ ინტერესებს შეეხება.
„ჯერ ერთი, გაითვალისწინეთ, რომ შიგნიდან უკვე ხოცავენ ერთმანეთს, უკვე ფიზიკურ ცემა-ტყეპაზე არიან გადასულები, ეს ინფორმაცია მარტო მე კი არა, ქალაქს აქვს, ცემენ უკვე ერთმანეთს იმიტომ, რომ ამათ ხომ ფიზიკური ძალის გარდა, ენის გარდა, არაფერი არ ესმით. როგორც ჩვენს ახალგაზრდებს ცემენ, ისე ცემენ ერთმანეთს, ხელჩართული ომები აქვთ ერთმანეთში.
„ჩვენ ახლა ძალიან კარგად მივდივართ. ერთადერთი, ერთადერთი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ეს ყველაფერი არ უნდა მივიდეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ეს პასუხსიმგებლობა ჩვენია. ამათ უკვე ფეხებზე ჰკიდიათ ეს ყველაფერი, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეთ, მშვიდობიანი აქცია უნდა იყოს მასშტაბური და არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ თბილისში და უნდა გაიშალოს მთელ ქვეყანაში.
„მერწმუნეთ, მე ძალიან კარგად ვიცი ამათი რესურსები. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საერთაშორისო წნეხი, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკური იზოლაცია, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ეკონომიკური იზოლაცია, სხვა გამოსავალი არ ექნებათ, დაჯდებიან და მშვენივრად ილაპარაკებენ იმაზე, რასაც ჰქვია პოლიტიკური გამოსავალი და პოლიტიკური გამოსავალი შედგება ორი აუცილებელი ნაბიჯისგან – სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები, მძევლად აყვანილი პოლიტიკური პატიმრები და მეორე, უნდა დადონ ახალი არჩევნების თარიღი, ამის შემდეგ რა პირობებში, როგორი ადმინისტრირების, ეს შემდეგი საკითხებია. აგერ ნახავთ, ეს თუ არ მოხდება“, – განაცხადა გახარიამ.