Wednesday, January 8, 2025
-1.2 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: რუსთაველის გამზირზე პროტესტი შინაარსისგან არის დაცლილი, რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ, წარმოდგენილია 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო, თუმცა 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს

რუსთაველის გამზირზე პროტესტი შინაარსისგან არის დაცლილი, რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო

„გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი, ყველა ერთად, 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება და ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ სწორედ ისინი და ისინი არიან ლოიალურად განწყობილი ამ ძალადობის მიმართ, რბილად რომ ითქვას ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით,  20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას.

„ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალია აშინებთ, თუმცა მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე  დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა გააგრძელებს დღის წესრიგით მუშაობას, 4-წლიანი სამთავრობო პროგრამისა და გაცემული დაპირებების შესრულებას.

„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, ჩვენ გვაქვს შესასრულებელი სამთავრობო, 4-წლიანი პროგრამა და ის დაპირებები, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვსურს, რომ 40 მლრდ-ით გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა, გვინდა, რომ 4%-მდე შევამციროთ უმუშევრობა, 4 %-მდე შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი საუნივერსიტეტო სისტემა და ა.შ. ამასთან ერთად, ამ პროგრამის შესრულებასთან ერთად, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგი. არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და 4 წლის თავზე საქართველოში და უფრო ადრეც, უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დასრულებული ლიბერალური ფაშიზმი. უნდა იყოს განეიტრალებული ის ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების გახლეჩვას, დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით 4 წლის თავზე და უფრო ადრეც მივიღოთ სრულიად განსხვავებული ვითარება. აღარ დარჩება კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი, რაც ძალიან მძიმედ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და თავიდან ბოლომდე გარედან იყო ეს ყველაფერი მოხვეული, არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი“,- განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები