საკრედიტო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ფიტჩის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ფისკალური მიზნების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული.
„დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დისციპლინა კვლავ შენარჩუნდება და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად 3%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო ვალის მოცულობა კი 38%-ის ფარგლებში.
„ფიტჩი“ მიიჩნევს, რომ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას. მათი შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში კვლავ სახეზე იქნება მშპ-ის დადებითი ზრდის ტემპი და იგი 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება. მიუხედავად მონეტარული სექტორის შედარებით მაღალი დოლარიზაციისა, მონეტარული პოლიტიკა, მაინც ეფექტიანია, რაც ბოლო წლებში მიღწეულ დაბალ ინფლაციაში არის გამოხატული. „ფიტჩის“ პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.
საკრედიტო სააგენტომ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა. რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება – ძირითადად, გამოწვეულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგად შექმნილი დაძაბულობისა და არსებული ფონის გამო. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შიდა პოლიტიკური რისკის შემცირება, კვლავ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.