Saturday, January 11, 2025
11.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში

„ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ფარგლებში რადიკალებმა იკადრეს ყველაფერი, ყველაფერი უკადრებელი, ძალადობრივ ქმედებებში ბავშვების ჩართვის მცდელობის ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც ამ ადამიანების სახეს აჩვენებს.

„ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის საქართველოს მთავრობის საქმიანობის პირობებში. ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმ ამოცანებისა, რაც აქვს საქართველოს მთავრობას – ეს არის ეკონომიკის განვითარება, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება და ა.შ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კოაბიტაციის ყველა გამოვლინების და ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამთავრება ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი დაიწყო სწორედ ამ დღეებში. ეს პროცესები იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა.

„რაც შეეხება მითს ე.წ გულწრფელი ახალგაზრდების თაობაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გულწრფელი ახალგაზრდაა საქართველოში, მათ შორის, საქართველოში, მათ შორის, მათი მცირე ნაწილი არის ოპოზიციის მხარეს, აქვს შესაბამისი განწყობები, უმეტესი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, მაგრამ მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა. ეს იყო თავიდან ბოლომდე მართული და პარტიულად ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებდნენ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე.

არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი, „დაიტოვე“, აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც უკრაინაშიც კი სტუმრობდა სააკაშვილს. აქაც ნული გულწრფელობა, არავითარი გულწრფელობა, თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო ჩართული ამ „ნაცმაიდნის“ მცდელობაში, რომელიც მეოთხედ ჩავარდა ჩვენს ქვეყანაში, აბ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გასაკვირი არაა, თუ რატომ უპირისპირდებოდნენ ასე, თავის დროზე, რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები კანონს – „გამჭვირვალობის შესახებ“, მათ ქვეყანაში გაუმჭვირვალედ სურდათ რევოლუციის მოწყობა.

„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ თავის დროზე ეს ადამიანები რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები ასე უპირისპირდებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა – „გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც უწოდეს „რუსული კანონი“, სწორედ, ამ ადამიანებმა, მოძალადეებმა და რადიკალებმა, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას უცხოური დაფინანსება.

„ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას უცხოური დაფინანსება. მთელი ამ წლების განმავლობაში, ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურებოდა საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას და რაც ყველაზე მძიმეა, ემსახურებოდა ლიბერალური ფაშიზმის გენერირებას ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა. მინდა, მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას. ჩვენ, თავისთავად, ჩვენი მხრივ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, როცა ამოიწურა ფიზიკური ძალადობის რესურსი, გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.

„როდესაც ვეღარ ძალადობდნენ ფიზიკურად, როცა ამოიწურა ამის რესურსი გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც არის დამახასიათებელი ლიბერალური ფაშიზმისთვის. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების. თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა ხალხი და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც.

„ხედავდით, როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც, სრული სიცრუე, სრული დეზინფორმაცია, სრული სიყალბე და სრულიად ცალმხრივი ინფორმაცია. მე შემიძლია, მარტივად შევთავაზო უცხოურ მედიას, ნებისმიერ ფორმატში ჩართვა, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად პირდაპირი ეთერი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოხმაურება მაინცდამაინც ფართო არ იქნება, ენთუზიაზმი მაინცდამაინც დიდი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიცრუე არის მოდებული მთელ საერთაშორისო მედიას დღევანდელ დღეს, რაც ძალიან სამწუხაროა,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები