დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით.
„დიახ, აშშ-ის ამჟამინდელი ანუ, მიმავალი ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს რთული მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან და ზოგადად რეგიონთან მიმართებით. იგივე სცადეს უკრაინასთან მიმართებით და საქართველოსთანაც იგივე მცდელობაა. დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება. ამდენად, დიდად ვართ დაინტერესებულნი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.