ძალიან სამწუხაროა ოპოზიციაში ისეთი ადამიანების ყოფნა, რომელთაც უღირთ საქართველოს მოქალაქეების დასჯა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ევროინტეგრაციის გზაზე.
„ათი წელია გასული, რაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი ევროკავშირთან, ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენ ასოცირების შეთანხმების შესრულებით საქართველო გავხადეთ მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ პარტნიორებს შორის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები, ეს არის დადასტურებული ევროკომისიის ანგარიშებითაც. საქართველო ნამდვილად არის ის ქვეყანა, რომელმაც შექმნა სანიმუშო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით შეასრულო ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები მაშინ, როდესაც არსებობს უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევები. ჩვენ ამ პირობებში შევძელით ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვნად შესრულება და ქვეყნის წინ წაწევა ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. მე პირადად ამაყი ვარ, რომ პირველი დღიდან, ფაქტობრივად, ბოლო დღემდე მონაწილე ვიყავი ამ პროცესის. ყველა ეტაპი ძალიან კარგად მახსოვს, თუ რამხელა შრომა ჩაიდო სახელმწიფოს მხრიდან, რათა შედეგი გვქონოდა.
დღეს უკვე, ფაქტობრივად, დავიწყებულია, თუ რამხელა პროცედურებთან იყო დაკავშირებული ევროკავშირში სამოგზაუროდ წასვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი სასურველი მიმართულება არის ევროკავშირი, მოქალაქეთა შემოსავალი კი დიდწილად ევროკავშირში იხარჯება. ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება არ მოხდება, რადგან ეს სერიოზულ რეფორმებსა და მიღწევებზეა დაფუძნებული.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მიღწევა ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ძალიან ხშირად არის მცდელობა, ევროკავშირი რამენაირად აიძულონ, ეს გამოიყენოს ინსტრუმენტად საქართველოსთან ურთიერთობებში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთაც უღირთ საქართველოს მოქალაქეების დასჯა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა და ნამდვილად არ ვარ ამაყი, როდესაც ამას ვამბობ და ვხედავ. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ძალიან კარგად აფასებს და ეს არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან გაჟღერდა, ჟღერდება და შეიძლება გაჟღერდეს მსგავსი სპეკულაციები. მსგავსი რამ არ მოხდება, რადგან ეს არის ძალიან სერიოზულ მიღწევებზე, შედეგებსა და რეფორმებზე დაფუძნებული მიღწევა.
საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენს მოქალაქეებს ამით ესარგებლათ. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ევროკავშირის თითოეულ ქვეყანასთან, რათა, გამოწვევის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას უვიზო მიმოსვლას, შედგეს თანამშრომლობა. დღეს ჩვენ გვყავს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რაც სწორედ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კონტექსტში იყო განხორციელებული. ორმხრივი თანამშრომლობა არის უმაღლეს ნიშნულზე ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან სწორედ ამ მიმართულებით, რათა ქვეყანასა და მოქალაქეებს გამოწვევები არ შეექმნათ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.