საქართველოს ეროვნულ ბანკში საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის სებ-ის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი ორი მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება სიტყვით გახსნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ახალი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მყისიერი გადახდების განახლებული სისტემა დააჩქარებს და გაამარტივებს გადახდების პროცესს, რაც შესაბამისად მომსახურების მიწოდების ხარისხზეც აისახება.
„ამასთან, ახალი საგადახდო სისტემა საშუალებას მისცემს მომხმარებელს ნებისმიერ დღეს და დროს განახორციელოს გადახდა, რომელსაც მყისიერად მიიღებს მიმღები“, – აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
შეხვედრის ფარგლებში არსებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის – RTGS სისტემის განახლებისა და სრულიად ახალი ტიპის – მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ჭყოიძემ პრეზენტაციის ფორმატში დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ახალი საგადახდო სისტემების ფუნქციონალი, მათი უპირატესობები და სარგებელი, როგორც თავად სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, ასევე მათი მომხმარებლებისთვის.
შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შსს მომსახურების სააგენტოს და დაცვის პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.