საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ მორიგ სტატიას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში არსებული ვითარების შესახებ, რომელსაც ჩვენს რესპონდენტზე, არასრულწლოვნების მშობელზე დაყრდნობით ვავრცელებთ.
როგორც წინა მასალებში ვწერდით, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის იურისტმა, ნათია სვანიძემ ერთმანეთისგან ბავშვი და ძაღლი ვერ გაარჩია და ოქმი ასე შეადგინა, ხოლო როდესაც არასრულწლოვნის მშობელმა ოქმზე ხელის მოწერამდე მას მიუთითა, რომ ოქმში მოყვანილ ფაქტებში საუბარია არა ბავშვზე, არამედ ძაღლზე, იურისტმა ნათია სვანიძემ, ვითომც აქ არაფერიაო, ბავშვის სახელი გადახაზა და ზედ ძაღლის სახელი გადააწერა.
„და ასეთ „კვალიფიციურ იურისტებს“ აბარიათ ბავშვების ბედი, ასეთი „კვალიფიციური იურისტების“ მიერ შედგენილი დასკვნები ეგზავნება სასამართლოს და ასეთი „კვალიფიციური იურისტები“ წყვეტენ ბავშვების მომავალს.
უფრო მეტიც, თქვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ მსგავსი „შედევრების“ შექმნის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის ხელმძღვანელობამ, სვანიძე, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, ერთმანეთისგან ბავშვს და ძაღლს ვერ არჩევს, დააწინაურა(?!)“ – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
პორტალი region.ge აგრეთვე წერდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის ფსიქოლოგმა, ნინო სამხარაძემ საკუთარ სიტუაციურ ანალიზში გააყალბა არასრულწლოვნებთან შეხვედრის ფრაგმენტი, რაც მოგვიანებით, იურისტმა ნათია სვანიძემ არასრულწლოვნის მშობლის მიმართ ჯარიმის დასაწერ საბაბად გამოიყენა, რაც, ჩვენი რესპონდენტის თქმით, საკმარისი საფუძველია იმის დასამტკიცებლად, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, ეს არაფერია იმ ფაქტებთან შედარებით, რასაც ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოში აქვს ადგილი.
„ფსიქოლოგნა ნინო სამხარაძემ თავხედურად გააყალბა არასრულწლოვანთან შეხვედრის საკვანძო დეტალი საკუთარ სიტუაციურ ანალიზში. კიდევ კარგი, ამ ე.წ. ფსიქოლოგისა და არასრულწლოვნის შეხვედრების კანონიერი გზით მოპოვებული ჩანაწერები გამაჩნია. არ გამოვრიცხავ, რომ ნინო სამხარაძე ასრულებდა დავალებას, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის“ – აცხადებს რესპონდენტი.
ჩვენი პორტალი ასევე წერდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა, სალომე ჯიოშვილმა აგრეთვე გააყალბა არასრულწლოვანთან და მის მშობელთან გასაუბრების შედეგედ შედგენილი დასკვნა და არა თუ გააყალბა, დამალა სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, რასაც არასრულწლოვანზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ჰქვია.
„ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სოცმუშაკმა სალომე ჯიოშვილმა იმდენად უტიფრად გააყალბა არასრულწლოვანთან და ჩემთან შეხვედრის შესახებ შედგენილი დასკვნა, რომ თავად ე.წ. ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებიც კი გაოცებულები იყვნენ.
გარდა იმისა, რომ ჯიოშვილმა გააყალბა დასკვნა, მან დამალა სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, მაშინ, როცა ვალდებული იყო ამის შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის ეცნობებინა.
მოგვიანებით, ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სოცმუშაკის, მისი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და თვით თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ, თავად უწყების შიდამონიტორინგის დეპარტამენტმა დისციპლინარული გადაცდომის ფაქტი დაადგინა (ჩემი მრავალთვიანი ბრძოლისა და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ), სალომე ჯიოშვილი კი ჩემ საქმეს ჩამოაშორა.
ყველაზე სასაცილო/სატირალი კი ის არის, რომ თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ჩემ მიმართ დისციპლინარული გადაცდომა „დაუფასდა“ და ის თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ კანტორაში მოქმედებს დანაშაულებრივი ვერტიკალი, რომელსაც დროული მიხედვა სჭირდება“ – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
მისივე თქმით, ფსიქოლოგ ნინო სამხარაძისა და სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის შესახებ მან უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, თუმცა, მათგან ჯერჯერობით რაიმე ქმედითი არ განხორციელებულა.
„მე გამაჩნია კანონიერი გზით მოპოვებული ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებენ სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიერ დოკუმენტების გაყალბების ფაქტს, რასაც შემდგომ სათანადო შედეგები მოჰყვა. ამის შესახებ მე ვაცნობე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, თუმცა მათი მხრიდან, ამ დრომდე არანაირი ქმედითი ღონისძიება არ განხორციელებულა. მოგვიანებით, მე იძულებული გავხდი, აღნიშნული ფაქტი მეცნობებინა სახალხო დამცველის აპარატისთვის და მინდა მათ მადლობა გადავუხადო ოპერატიული რეაგირებისთვის. იმედი მაქვს, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის ყველა სავარაუდო დამნაშავე თანამშრომელი პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით აგებს, ვინაიდან, სახეზეა ყველა მოცემულობა იმისა, რომ საქმე გვაქვს არა ერთი ან ორი თანამშრომლის გადაცდომასთან, არამედ სისტემურ დანაშაულთან, რასაც, არ გამოვრიცხავ, თან კორუფციული გარიგებები ახლდეს“ – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
მისი თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის შიდამონიტორინგის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო აგრეთვე იურისტ ნათია სვანიძისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიმართ, თუმცა, მიუხედავად იმისა,რომ მოკვლევის დაწყებიდან თვეები გავიდა, დასკვნა ჯერაც არ დადებულა.
„ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული კანტორის შიდამონიტორინგის სამსახურმა დაარღვია ყოველგვარი გონივნრული ვადა, რათა დაედო დასკვნა იურისტ ნათია სვანიძისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიმართ. მე მათ სამსახურს წარვუდგინე როგორც მტკიცებულებები, აგრეთვე მივაწოდე ზეპირი ინფორმაცია იურისტისა და ფსიქოლოგის სავარაუდო კანონდარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი, ჩემი შეფასებით, დასკვნის დადებას შეგნებულად წელავენ და რაღაც ბავშვური მიზეზებით ამართლებენ საქმის გაჯანჯლებას. ზოგადად, შიდამონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მე დამრჩა აღქმა, რომ იქ მუშაობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ჩემს საქმეს ადეკვატურად უყურებენ, თუმცა, სავარაუდოდ სუბორდინაციისა და კარიერული იერარქიის გამო, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას საკუთარი პოზიციები მკვეთრად დააფიქსირონ“ – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
თუმცა, როგორც მან ჩვენს პორტალს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის იურისტმა, ნათია სვანიძემ მოგვიანებით ფაქტობრივად საკუთარი რეკორდი მოხსნა, როდესაც, სავარაუდოდ, სასამართლოს შეცდომაში შეყვანა სცადა.
„სიტყვას – „სავარაუდოდ“ იმიტომ ვამბობ, რომ არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, ხოლო როგორ მოიქცა ის სასამართლოს წინაშე, თქვენმა მკითხველმა განსაჯოს.
მოკლედ, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, სასამართლოს მიმართა, რომ შვილების მიმართ ჩემზე დამცავი ორდერი გამოცემულიყო, რაც გულისხმობს, რომ მე შვილებთან თვეების განმავლობაში მიახლოება ამეკრძალებოდა.
აღნიშნულ საქმეში, ჩემს ყოფილ მეუღლეს, (რომლის მიმართაც, არასრულწლოვნის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს) მაშველ რგოლად სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის კანტორა მოევლინა და მის მოთხოვნას სასამართლოში მხარი დაუჭირა.
აქვე თქვენ მკითხველს შევახსენებ, რომ მოსამართლის განჩინების მიუხედავად, რომლის ძალითაც ბავშვის დედას უფლება აქვს კვირაში ორი დღით წაიყვანოს ის, ბავშვი წელიწადნახევარზე მეტია ჩემთანაა და კატეგორიულ უარს აცხადებს დედასთან წასვლაზე, ვინაიდან მას დედისა და დედის მშობლების მხრიდან ძალადობის უამრავი ფაქტი ახსოვს, რაზეც, როგორც აღვნიშნეთ, გამოძიება მიმდინარეობს.
სწორედ ამ ფონზე, სასამართლოში, ე.წ. ზრუნვის სააგენტოს იურისტმა ნათია სვანიძემ, მოსამართლეს განუცხადა, რომ ის მიზანშეწონილად მიიჩნევს, მე ბავშვებთან ურთიერთობა და მიახლოება ამეკრძალოს.
როდესაც მოსამართლემ ჰკითხა, ეს მხოლოდ მისი პოზიცია იყო თუ არა, ნათია სვანიძემ უპასუხა, რომ მის სამსახურში შედგა მულტიდისციპლინარული კომისიის სხდომა და სხვადასხვა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მე ბავშვებთან ურთიერთობა ამეკრძალებოდა.
სასამართლოს სხდომა შედგა 10 ოქტომბერს. მოსამართლემ სვანიძეს მულტიდისციპლინარული კომისიის დასკვნის წარდგენა მოსთხოვა, რაზეც სვანიძემ თანხმობა განაცხადა და მოსამართლემ სხდომა ერთი კვირით გადადო. თუმცა, ყველაზე საინტერესო აქ იწყება: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტომ, სასამართლოს მულტიდისციპლინარული კომისიის სხდომის ოქმი არათუ არ წარუდგინა, არამედ პირიქით, რამდენიმე დღის შემდეგ სხდომის კიდევ გადადება მოითხოვა, მოტივით, რომ საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებდა.
აქვე მინდა თქვენ მკითხველს შევახსენო, რომ არასრულწლოვანმა, როდესაც ის მის დედას საკუთარ მშობლებთან მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰყავდა წაყვანილი, მოახერხა ჩემთან დარეკვა და მითხრა, რომ თავს მოიკლავდა, თუ იქიდან არ წავიყვანდი. ბავშვის მიერ სუიციდური აზრის განვითარების გამო, მე მივმართე მანდატურის სამსახურს, რომელთა ოპერატიული ძალისხმევითაც, არასრულწლოვანს გავატარე სრული, 12-სეანსიანი კურსი მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგთან.
10 ოქტომბრის სასამართლო სხდომის შემდეგ, მე მივმართე ე.წ. ზრუნვის სააგენტოს კითხვით, ვინ იღებდა პასუხისმგებლობას არასრულწლოვნის მოქმედებაზე, თუ მას ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანდნენ დედასთან, სადაც ის მუდმივ ძალადობას განიცდიდა. აგრეთვე, მივმართე, ეცნობებინათ, როდის შედგა მულტიდისციპლინარული კომისიის სხდომა და ვინ იყვნენ მის შემადგენლობაში, თუმცა, არც ერთ და არც მეორე კითხვაზე მათ პასუხი არ გამცეს.
გამოდის, რომ 10 ოქტომბრის მდგომარეობით არავითარი მულტიდისციპლინარული კომისიის სხდომა არ იყო შემდგარი და ნათია სვანიძემ მოსამართლეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. სხვა არაფრით აიხსნება ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული კანტორა კომისიის სხდომის (თუ საერთოდ შედგა) თარიღს ასაიდუმლოებს. აგრეთვე ასაიდუმლოებს იმ პირების ვინაობას, ვინც აღნიშნული კომიისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
მოგვიანებით, მათ მიპასუხეს, რომ მულტიდისციპლინარული კომისიის სხდომა ნამდვილად შედგა, რომელმაც მართებულად ჩათვალა, ჩემ მიმართ სასამართლოს დამცავი ორდერი გამოეცა.
ყველაზე მთავარი კი, გარდა იმისა, რომ ასაიდუმლოებენ კომისიის შემადგენლობას და შეკრების თარიღს, არის ის, რომ დასკვნას ხელს აწერს მხოლოდ და მხოლოდ თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსი, რომელიც ჩემ მიმართ დისციპლინარულ გადაცდომაში თავისივე სამსახურმა დაადანაშაულა!!!
აქვე მინდა განვაცხადო, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, დედასთან ყოფნის შემთხვევაში, სუიციდური აზრი აგრეთვე განავითარა უმცროსმა შვილმაც. მე აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერად ჩავრთე განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახური საქმეში და მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბავშვების ინტერესებზე ორიენტირებულობისა და ოპერატიულობისთვის. მანდატურის სამსახურისადმი მიმართვიდან ძალიან მალე, მე დამიკავშირდნენ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრიდან, მქონდა მათთან შეხვედრა და მჯერა, რომ მათ ფსიქოლოგთან ჩემი უმცროსი შვილის მიერ გავლილი კურსი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც უფროსი შვილის შემთხვევაში“ – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
მისი განცხადებითვე, აღნიშნულ საქმეზე მან ზრუნვის სააგენტოს გარდა, თავად ჯანდაცვის სამინისტროს შიდ აუდიტის სამსახურსაც რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტო აბსოლუტურად განყენებული სტრუქტურაა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშს საერთოდ არ უწევს.
მე თქვენი პორტალის მეშვეობით ორჯერ მივმართ ჯანდაცვის მინისტრ ბატონ სარჯველაძეს, თუმცა საქმესთან დაკავშირებით შედეგი ნულია. აშკარაა, რომ სარჯველაძეს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ანგარიშს არავინ უწევს. სხვანაირად ვერაფრით ავხსნი იმ ვითარებას, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-თან დაკავშირებითაა.
და ვინაიდან, ჯანდაცვის მინისტრი ბატონი სარჯველაძე ასე უსუსური აღმოჩნდა, რომ საკუთარი უწყების ერთ-ერთ სსიპ-ში მიმდინარე პროცესებში გარკვეულიყო, მივმართავ ბატონ პრემიერს: აუცილებლად გაერკვიეთ რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, სადაც ბავშვების ბედით უბრალოდ მანიპულირებენ. ბატონო პრემიერო, მე ხელთ მაქვს ყველა ის მტკიცებულება, როგორც ბეჭდური, ასევე აუდიო/ვიდეო ჩანაწერის სახით, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნულ სსიპ-ში ადგილი აქვს არა ცალკეულ, არამედ სისტემურ დანაშაულს“ – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.