ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დამსახურებულ გადაწყვეტილებაზე და დამსახურებულ დამოკიდებულებაზე, ჩვენი მსგავსი პოზიციონირება გამომდინარეობს იმ კონკრეტული შედეგებით, რომლებიც ქვეყანას აქვს, იმ კონკრეტული ნაბიჯებით, იმ კონკრეტული გატარებული რეფორმებით, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, რომლის შედეგები თვალნათელი და ხილულია ყველასთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნიუ-იორკში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
ილია დარჩიაშვილის თქმით, სწორედ აქედან მომდინარეობს დამოკიდებულება და პოზიციონირება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გარდა დამსახურებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა სწორედ იმ დიდ, გლობალურ ჭრილში შეხედონ ამ გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რადგან ერთიანობა, ევროკავშირის მომავალი სწორედ ამ ერთიანობაში მდგომარეობს. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს შესახებ, ეს არის ევროკავშირის მომავალიც, ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის მომავალიც და სწორედ ამ ჭრილში გვსურს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შეხედონ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ის იმპულსები, რომლებიც დღეს არის, არის ძალიან დამაიმედებელი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ რეფორმები მომავალში გაგრძელდეს. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენც, მმართველი პარტიის თავმჯდომარებაც. ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ავიღეთ, რა თქმა უნდა, დადგენილ ვადებში შესრულდება და ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში. ეს არის ჩვენი შინაგანი განცდა და ეს განცდაც დაფუძნებულია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.