Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

ლანა ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს – ვერ გავწირავ ვერავის იმისათვის, რომ დავუშვა: ისინი განწირული არიან იმისათვის, რომ ჩემს მსგავსად, მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირის მსგავს ქვეყანაში იცხოვრონ

„მივმართავ თანამოაზრეებს:

გამარტივებულად რომ ვთქვათ, დღეს ზედაპირზეა რამდენიმე, ჩემი აზრით, უტყუარი ჭეშმარიტება:

1) საქართველოს ნორმალური მომავალი ევროინტეგრაციას უკავშირდება. ამის ალტერნატივა ბნელ წარსულში – შენიღბულ საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა. დღეს ამ პროცესს დიდი დარტყმა მიადგა, ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება.

ევროსტრუქტურების ყველა პასუხისმგებელი პირი გვეუბნება, რომ ის შეჩერებულია – მას ბოლო ლახვარი გაყალბებულმა არჩევნებმა ჩასცხო.

2) ლოზუნგს „ომი გინდა’’ ერთადერთი პასუხი აქვს: სწორედ ომი რომ არ გვინდა, იმიტომაც ვირჩევთ ევროპას, რომელიც რეალურად არის მშვიდობის გარანტი, – ევროკავშირის დაარსების დღიდან მის ტერიტორიაზე არცერთი ომი არ ყოფილა, ამ კონტინენტზე ომის გამჩაღებელი მხოლოდ რუსეთია.

3) თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია, რაც ჩვენნაირი პატარა და მწირი რესურსების მქონე ქვეყნისთვის გაღატაკების ტოლფასია.

უფრო პირადი განცდები: ათეული წლების მანძილზე იმდენად ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი სვლა ევროპისკენ ისტორიული კანონზომიერებით არის განპირობებული და ამდენად აბსოლუტურად შეუქცევადია, რომ ეს – ქართველი ხალხის საუკუნეებით განმტკიცებული ნებით გამყარებული – რწმენა ასე ადვილად ვერ შეირყევა.

შინაგანად ვერ გავწირავ ვერც ჩემიანებს და ვერც იმათ, ვინც დღეს სხვანაირად ფიქრობს, იმისათვის, რომ დავუშვა: ისინი განწირული არიან იმისათვის, რომ ჩემს მსგავსად, მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირის მსგავს ქვეყანაში იცხოვრონ. უუფლებოდ, დამცირებულად. როგორც მეორეხარისხოვანი, რუსეთის ქუსლქვეშ მყოფი სახელმწიფოს შვილებს შეეფერებათ.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისგაწვდენაზეა ევროპა თავისი კეთილდღეობით, მშვიდობით, უსაფრთხოებით, თანასწორობით. სადაც პიროვნებას ეხსნება თავისუფლების, სიხარულის, ცხოვრების მშვენიერების შეგრძნების სივრცე.

ეს ყველაფერი დღესაც ჩვენს ხელთაა. იმიტომ რომ მართლები ვართ. იმიტომ რომ ამას ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს.

მთავარია – არ დავყაროთ ფარხმალი. გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია. ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით – რისი დიდი კულტურა გამოვამჟღავნეთ ამ ბოლო ხანს, სიტყვით, ცვალებადი სიტუაციის ანალიზით და საერთო გეგმის შემუშავებით.

და რაც ყველაფრის თავი და თავია: ერთმანეთისადმი ნდობით და ურყევი რწმენით: ჩვენ გავიმარჯვებთ!”, – წერს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები