„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება იყო ქართული არჩევნების აღიარება.
მდინარაძის თქმით, სწორედ ამის გამო, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ჰელსინკის კომისიამ უხეშად გააკრიტიკა.
ამასთან, მდინარაძის განმარტებით, უმძიმესი ბრალდებაა, თითქოს ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკისებმა და დამკვირვებლებმა წარადგინეს ნათელი მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.
„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო გუშინ. ერთი – ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, მეორე – ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება. მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას. შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ის იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისა, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისიამ. ჰელსინკის კომისიამ თქვა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ. ის, რომ ლეგიტიმაცია მისცა ქართულ არჩევნებს, აღმოჩნდა შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელი და ჰელსინკის კომისიის მხრიდან, საკუთარი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტისადმი ასეთი განცხადების საფუძველი. მაშინ, როდესაც თავად ეს კომისია გუშინვე ამბობდა, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ეს არის უმძიმესი ბრალდება. ჩვენ მოვუწოდებთ იგივე სამოქალაქო საზოგადოებას, ენჯეოსექტორს, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც დადეთ პატივი და წარუდგინეთ ეს ნათელი მტკიცებულებები. ჰელსინკის კომისიას რომ მისცეს მტკიცებულებები, ქართულ საზოგადოებას, ჩვენ ყველას დაგვიმალეს თუ რა ქნეს? ნათელი მტკიცებულება კიარა, არც ბნელი მტკიცებულება არ გვინახავს. ბნელი მტკიცებულება შეიძლება დავარქვათ ვაშაძის მიერ გავრცელებულ რაღაც ფეიკებს თუ არაფეიკებს. თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც წარუდგინონ ელემენტარული მტკიცებულება იმისა, რომ სადღაც რამე გაყალბდა. თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, ჩვენ აზრზე არ ვართ არავინ საქართველოში, რა ნათელ მტკიცებულებებზეა საუბარი. კეთილი ინებონ და ეს ნათელი მტკიცებულებები წარმოგვიდინონ ჩვენც, ან პროკურატურას, რომელიმე საგამოძიებო ორგანოს, ან გაასაჯაროონ და წარუდგინონ ქართულ საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი მხოლოდ ის იქნება, რომ ჰელსინკის კომისია იტყუება, სამწუხაროდ, გვიწევს ამის თქმა, ისევე როგორც საქართველოს, ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების მიმართ, ასევე შეურაცხყოფას აყენებს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, აშშ-ის პრეზიდენტს იმ განცხადებით, რომლითაც მან დაგმო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა ქართული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის შესახებ, ლეგიტიმაციის მინიჭების შესახებ. ამიტომ სულ რომ დღესვე გაჩერდნენ აგენტურული პარტიები და თქვან, რომ ყველაფერი კარგად იყო, ჩვენ არ ვაპირებთ, გავუტაროთ, ჩვენ ამ თემას, არჩევნების გაყალბების შესახებ მათ ტყუილებს ჩავყვებით ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს „უცხოური გავლენის შესახებ კანონი“ და დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სამართლიანობის აღსადგენად.
„შეერთებული შტატები დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ ვარ ღრმად შეშფოთებული ქვეყანაში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც რუსული კანონების ანარეკლია და ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის.
ახლახან, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დაზიანდა ადმინისტრაციული რესურსების მრავალგზის ბოროტად გამოყენებით, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების გამო. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონი“, რომელიც ზღუდავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სანდოობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რომელიც კვლავინდებურად საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.