ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ბორელის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევები, ზეწოლა და ამომრჩევლების დაშინება, რაც გავლენას ახდენს პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.
„საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს დარღვევების შესახებ, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოაცხადეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ვითხოვ გამჭვირვალე გამოძიებას. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევები, ზეწოლა და ამომრჩევლების დაშინება, რაც გავლენას ახდენს პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრას სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად“, – აცხადებს, ბორელი.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და მან უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, დაწყებული საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით.
„არჩევნების სამართლიანობა და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი. მე ვთხოვე პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი შეიკრიბოს დღეს საქართველოში არსებული რთულ ვითარების განსახილველად. მე ასევე შევიტანე ეს საკითხი ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში. ქართველი ხალხი თვეების განმავლობაში აჩვენებს დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლისადმი ერთგულებას. ისინი იმსახურებენ სიცხადეს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდნენ მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობაში. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც ქმნიან პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.