საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტის მნიშვნელობას უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. აღინიშნა, რომ ეს ადასტურებს საქართველოს პრიორიტეტებისადმი უნგრეთის მხარდაჭერას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოების საკითხები. ხაზი გაესვა უნგრეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების მნიშვნელობას. ამ მიმართულებით აღინიშნა საინვესტიციო სფეროში საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა. ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს. ხაზი გაესვა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.