ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და „მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონი საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებას „სამარცხვინოს“ უწოდებს.
„სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარულ მიტაცებას“, – წერს კონგრესმენი უილსონი, რომელსაც იქვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება აქვს გამოქვეყნებული, რომელიც მან საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაავრცელა.
„ქართველმა ხალხმა გუშინ დემოკრატიისადმი ერთგულება გამოხატა. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრას ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ“, – ნათქვამია ბლინკენის X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო მდივნის განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.