მთავარი ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ის, რომ არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და ეს ხელისუფლება მიხედავს ამ ქვეყნის მართვას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს არის, რაც წერია და რაც ითქვა კიდევაც გუშინ – არჩევნები შემდგარია და ეს არის მთავარი. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ტექნიკურ ხარვეზებთან თუ სხვა შენიშვნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს გარკვეული ხარვეზი, შეიძლება, ახლდეს. ამიტომაც არის, რომ, მაგალითად, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, შემოვიღეთ ელექტრონული მთვლელები და მორჩა. ხომ ნახეთ, რომ დასრულდა, ISFED-მაც კი ვერაფერი თქვა. ბევრი იფიქრეს გუშინ, გვიან ღამემდე, ვერაფერი ვერ თქვეს და ხომ დასრულდა. გახსოვთ ადრე ბიულეტენების ფრიალი, ოქმები, გადასწორებული ოქმი, ასეთი ოქმი, ისეთი ოქმი… ხომ ხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ხელის მოსმით ეს სპეკულაციები მთლიანად დაასრულა. ახლაც შევხედავთ, რა სპეკულაციები ჰქონდათ ამ ჯერზე და ამ სპეკულაციებისთვისაც სათანადო ზომებს მივიღებთ, რატა შემდეგ ჯერზე აღარ იყოს ეს სპეკულაციები დაკავშირებული არჩევნებთან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.