მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე.
„ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ასევე მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-ანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო ვერც ერთი მასობრივი აქციის ორგანიზება. მათ, საბოლოოდ, მოაწყვეს ერთი საერთო შეკრება, რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ერთი საერთო შეკრება და იქაც კი ვერც ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციიდან ვერ გაბედა სცენაზე ასვლა, იმდენად იციან, რომ დისკრედიტირებულნი არიან და განულებული აქვთ რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დღეს ისინი უნდა შეეგუონ ძალიან მძიმე მარცხს, ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარს „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციას,“- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და ეს არის რეფერენდუმი ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის.
„არის 2 პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ ჩვენ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებას.
ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ველოდებით 60%-მდე ხმებს ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძე აცხადებს, რომ ქართველი ხალხის დაახლოებით 60 პროცენტი დღეს მხარს დაუჭერს მშვიდობიან განვითარებას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, ასევე კარდაკარის შედეგები.
„არსებობს სოციოლოგიური შედეგები, რომელიც გვაქვს ჩვენ, არსებობს „გორბის“ კვლევის შედეგები. ასევე რაც მთავარია ჩვენთვის, არსებობს კარდაკარის შედეგები, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მუშაობას 73 შტაბი. ყველა პასუხისმგებლობით აღჭურვილი პარტია ატარებს კარდაკარს. ჩვენ ამ არჩევნებზე ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელმაც ჩაატარა კარდაკარი. კარდაკარი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები დადიან თითოეულ ოჯახში და იღებენ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
27-ე საარჩევნო უბანზე აღნიშნა, რომ ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს.
კითხვაზე, თუ რატომ საუბრობს ოპოზიცია ხელისუფლების გადაბარებაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის ჩვეულებრივი პიარული ტრიუკი.
„მათ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, როგორია რეიტინგები. ჩვენ არასდროს არ ვცდებით ხოლმე, როდესაც ვსაუბრობთ, არასდროს არ ვატყუებთ ხალხს. თქვენ გახსოვთ რამდენჯერ მოატყუეს, 8-ჯერ მოატყუეს უკვე ქართველი ხალხი და 8-ჯერ მოიგო დამაჯერებლად არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“. მათ არ აქვთ არავითარი სინდისი და ნამუსი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ჩახედონ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს მას შემდეგ, რაც 8-ჯერ მოატყუეს. მათ 8-ჯერ უთხრეს ტყუილი საკუთარ მხარდამჭერებს, მათ შორის, რომ იგებდნენ არჩევნებს, თუმცა შემდეგ საერთოდ არ რცხვენოდათ ხოლმე, როდესაც დამაჯერებლად აგებდნენ არჩევნებს. ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ველოდებით მილიონზე ბევრად მეტ ხმას ამ არჩევნებში და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი. ამ მაჩვენებელს აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად შევუნარჩუნოთ მშვიდობა, მეორე მიზეზი არის ის, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, შესაბამისად, შევამცირეთ უმუშევრობა, სიღარიბე ამ ქვეყანაში, გაიზარდა საშუალო ხელფასი, 2 000 ლარს გადააჭარბა უკვე საშუალო ხელფასმა, როცა ჩვენ დაგვხვდა 712 ლარი საშუალო ხელფასი. ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა წინსვლა. 2012 წლის მონაცემები გითხარით და რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ბოლო 4 წლის მონაცემები გითხარით.
წინა ხელისუფლებამ უბედურება დაგვიტოვა მემკვიდრეობით, როცა ამაყობდნენ იმით, რომ ვითომ იყო კარგი ეკონომიკური სიტუაცია ამ ქვეყანაში. ამ 4-წლიანზეც გითხარით, 50 მილიარი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 4 წლის წინ და ამ წლის ბოლოს ხდება უკვე 90 მილიარდი ლარი და ჩვენი დაპირებაა 130 მილიარდი ლარი 4 წლის თავზე. ეს მოხდება აუცილებლად ჩვენი პროგრამის საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.