საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური გაეცნო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ტექნიკურ შესაძლებლობებს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.
„ბაზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თვალსაზრისით გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საქმიანობის განხორციელებაში. ასევე დავათვალიერეთ ტექნიკა, რომლითაც აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას. მინდა, მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა თანამდებობის პირებს. მადლობას ვუხდი ამ სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, მათზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და მინდა, ყველას მივულოცო ახალი ბაზის გახსნა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა 20000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ბაზის ტერიტორია მოიცავს 150 თანამშრომელზე გათვლილ 3-სართულიან ყაზარმას, სადაც მოწყობილია თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები. ბაზის ტერიტორიაზე ასევე მოეწყო სამორიგეო და საიარაღო სივრცეები, სასადილო და სპორტული დარბაზი.