Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა უთხრა, სამი მილიონი ხართ, სამ-ოთხ დღეში ყველას ვერ ამოგხოცავენ, შეგიძლიათ, პარტიზანულად ტყეში გახვიდეთ, დაგეხმარებით, იქიდან იომეთო

გარწმუნებთ, თუნდაც ის, რომ ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ რუსეთის სანქციებს უნდა შევუერთდეთ, ოპოზიციის ნაწილი ბედავდა ამის თქმას, ნაწილი ვერ ბედავდა, კაბინეტებში ამაზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა სამი-ოთხი დღე ბრძოლა და შემდეგ პარტიზანული ბრძოლის ტყეში გაგრძელება შესთავაზა.

„რამდენადაც ეს თქვეს, შეიძლება, მე ერთი მონაყოლიც გავიხსენო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა. ირაკლი შეეკითხა: კი მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? სამი-ოთხი დღე ალბათო. მერე, სამი-ოთხი დღის გულისთვის გვღუპავთო?!  არა, თქვენ სამი მილიონი ხართ და სამ-ოთხ დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო. შეგიძლიათ, პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. აი, ეს იყო რეალობა.

გუნდი გამყარდა, გამკაცრდა, გააგრესიულდა – „ქართული ოცნება“ მაქვს მხედველობაში, გუნდმა ეს იცოდა უფრო ადრე, ვიდრე საზოგადოებამ. როდესაც დამატებითი ინფორმაციაც მივაწოდეთ საზოგადოებას, რა ხდებოდა კაბინეტებში, რამდენად დიდი იყო სურვილი იმ ფონზე, რომ ნატო-ში ჩვენ არავინ არ მიგვიღო და არ მიგვიღეს ამ მიზეზით. კიდევ შევახსენებ საზოგადოებას, როგორი განცხადებები კეთდება დღეს დასავლეთიდან, ოღონდ არც ერთ შემთხვევაში ნატო-ს ომი არ უნდა დავუშვათ რუსეთთანო. აი, ამიტომაც დაგვტოვეს ჩვენ გარეთ და უკრაინაც, გვაომეს და კიდევ უნდათ გვაომონ, ამისთვის ვიყავით ჩვენ გამზადებული და ამისთვის გვამზადებდნენ და იმ ფონზე, რომ ეს ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, აქედან უფრო სახიფათოა ის ორი პარტია – „ლელო“ და „გახარია“, რომლებმაც მშვენივრად იციან უკვე, თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა წევრებმა და ლიდერმა, სტუდენტობიდან მოყოლებული, გარეთ ისწავლეს და იქიდან დაიწყეს მომსახურება, მონად გადაქცევა და სხვისი სურვილების ასრულება და ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ, რა უნდოდათ მათგან, ვთქვათ, დაეხმარნენ რევოლუციის მოწყობაში 2003 წელს, კიდევ რაღაცებში და ეგონათ, რომ ასე მარტივად იქნებოდა; 2008 წლის ომი მათ, ჩემი აზრით, გააზრებული არ ჰქონდათ კარგად, როდესაც ხელს აწერდნენ სხვის მსახურებაზე, მაგრამ ამ ორ ძალას მშვენივრად, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, ერთსაც და მეორესაც, რას ითხოვენ მათგან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა აუცილებლად უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეძლოს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მოშორება, რომ ქვეყანაში ბოლო 12 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები კვლავ არ განმეორდეს.

„თუ ჩვენ ამას არ მივხედავთ, დღეს ახლა ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ, პრობლემა არ არის, ოღონდაც გვინდა აუცილებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა. მოკლედ, თუ ეს ძალა არ მოვაშორეთ ქვეყანას, ნახეთ, 12 წლის განმავლობაში ქვეყანაში რაც ხდება – მუდმივი რევოლუციური სიტუაცია, არ არის ეს არჩევნები, ასე არ მოგვწონს, თვითონ აყალბებენ, გარედან ეხმარებიან და ლამის გარედან ჩაატარონ არჩევნები. ახლა მე საქართველოს პრობლემას კი არ ვხედავ ამაში, მე უკვე ვხედავ ჩვენი სამეგობროს პრობლემას და ამას უფრო განვიცდი, რამდენად უხეშად ერევიან და ცდილობენ. დღეს გვაქვს ამის შესაძლებლობა, პირველ რიგში, გუნდმა გააცნობიერა კარგად და გაიგო. ეს არ იყო მარტივი პროცესი, ბევრი მიმუშავია მე პირადად, ლიდერშიპს, მთელ გუნდთან. დღეს მთელი გუნდი „ქართული ოცნებისა“ არის მომართული, გამკაცრებული, გააგრესიულებული. კარგი გაგებით უნდა გაიგოთ ეს, ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, ჩვენ გვინდა, ჩვენი ქვეყანა შევინარჩუნოთ და გვინდა, ამ ქვეყანაში გვეცხოვრებოდეს. გვინდა, ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში ცხოვრება შეძლონ. აი, ეს არის ჩვენი სურვილი, მარტივი. ჩვენ არავის თავდამსხმელები არ ვართ და არავისზე აგრესია არ გვაქვს. ჩვენ აგრესიულად ვიცავთ უკვე საკუთარ თავს. ხედავთ, რამდენად დიდი ძალა გვებრძვის გარედან, აი, ეს არის, რომ მოვახერხეთ გუნდის გამკაცრება და საზოგადოების გათვითცნობიერება. მე მგონი, საზოგადოებამაც ძალიან ბევრი დაინახა და გაგებით ეკიდება ამ პროცესებს, მე ამას თვალს ვადევნებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები