ამომრჩეველმა ბიულეტენზე უნდა გააფერადოს მხოლოდ ერთი, მისთვის მისაღები პოლიტიკური პარტიის წინ არსებული წრე, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“.
„სხვა შემთხვევაში, ის ბიულეტენი ბათილი იქნება. ასევე ბათილია ბიულეტენი, თუ არცერთი წრე არ არის გაფერადებული, თუ ერთზე მეტი წრეა გაფერადებული ან სხვაგვარად მონიშნული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
აღნიშნული განცხადებით ცესკო-ს თავმჯდომარემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, „აქვს თუ არა ამომრჩეველს შეცდომის გამოსწორების უფლება, მაგალითად, თუ მან შეცდომით გააფერადა სხვა წრე და შემდეგ მოუნდა სასურველი პოლიტიკური გაერთიანების წინ არსებული წრის გაფერადება?“
„აქვე შევახსენებ ამომრჩეველს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამო ბიულეტენში მონაცემები ორ სვეტად იქნება – ერთი პარლამენტის ნაწილში და მეორე უმაღლესი საბჭოს ნაწილში, სადაც ამომრჩეველმა შესაბამის სვეტებში უნდა მოახდინოს სასურველი თითო-თითო წრის გაფერადება. აქვე ვიტყვი, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 11 სუბიექტი იღებს მონაწილეობას. ამასთანავე, შევახსენებ ჩოხატაურის და სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს, რომელთა ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება შუალედური არჩევნები საკრებულოს გამოკლებული წევრის შევსების მიზნით, ამ მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში ბიულეტენი ასევე იქნება წარმოდგენილი ორ სვეტად, სადაც ერთ შემთხვევაში პარლამენტის არჩევნებში მონაწილე სუბიექტს აირჩევს ამომრჩეველი, ხოლო მეორე სვეტის შემთხვევაში ერთ ნაწილში – ჩოხატაურის, მეორე ნაწილში კი – სამტრედიის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს სხვადასხვა ჯგუფის თუ ორგანიზაციის მხრიდან წამოჭრილ ბრალდებას, თითქოს შესაძლებელია, ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით მივიდეს ან სხვისი პირადი ნომერი გამოიყენოს პასპორტით მისვლის შემთხვევაში და ასე მისცეს ხმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ეს მითი თუ უსაფუძვლო შეფასება საფუძველშივე აზრს მოკლებული და გამორიცხულია. როგორც კალანდარიშვილი ამბობს, კომისიის წევრი ახდენს ამომრჩევლის ეკრანზე გამოტანილი ინფორმაციის და ID ბარათის თუ პასპორტის მონაცემების ვერიფიკაციას, საარჩევნო კომისიაში კი, გარდა პროფესიული ნიშნით არჩეული რვა წევრისა, არის შესაბამისი უფლებასმოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული ცხრა წევრი, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ და მონიტორინგის განხორციელების უფლება აქვთ. კალანდარიშვილის განმარტებით, ასევე უბანზე არიან მედიის წარმომადგენლები და საერთაშორისო დამკვირვებლები.
„ვინმე თუ უშვებს, რომ 17 ადამიანი, თავისი დამკვირვებლებით და მედიით, თავისი წარმომადგენლებით და საერთაშორისო დამკვირვებლებით ამ ყველაფერზე შეთანხმდა, ამდენი ადამიანი ასე ერთობლივად ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს, არ ვიცი, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია?“ – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამავდროულად, ცესკო-ს თავმჯდომარემ სტუდიაში საზოგადოებას არჩევნებზე ხმის მიცემის სრული პროცესი უჩვენა და აღნიშნა, რომ კენჭისყრის დღეს ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით ამომრჩეველს ინსტრუქციას კომისიის წევრები მისცემენ.
კალანდარიშვილმა ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით საუბრისას თქვა, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველი გადის მარკირებას და შემდეგ ხდება ID ბარათის ან პასპორტის ვერიფიცირება აპარატზე, შემდგომ ფარულობისთვის განსაზღვრულ ჩარჩოფორმაში ბიულეტენი უნდა მოთავსდეს ამობრუნებული სახით, ამომრჩეველი კაბინაში მარკირით ახდენს მხოლოდ ერთი, მისთვის მისაღები პოლიტიკური პარტიის წინ არსებული წრის გაფერადებას, გამოდის, ასევე ხმის ფარულობისთვის ჩარჩოფორმა ამობრუნებული სახით მიაქვს ოპტიკური სკანერის ღია ჭრილთან, ამ ჭრილში ბიულეტენს საწყისი ნაწილით ათავსებს და ელოდება შეტყობინებას, რომ მისი ხმა მიღებულია.
„შეტყობინების დალოდება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ აპარატი ბიულეტენს არ იღებს და ბიულეტენი უკან გამობრუნდა, რაც გვერდულად მოთავსების გამო არ არის, ამ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ბიულეტენი იყოს დაზიანებული და აუცილებელია, ის გამოიცვალოს. შესაბამისად, თუ თქვენ საარჩევნო უბანზე აღარ იქნებით, ცხადია, ეს ბიულეტენი ვეღარ მოხვდება ხმის მთვლელ აპარატში და თქვენს ხმას დაკარგავთ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, დილით, მას შემდეგ, რაც კომისიის წევრები დარწმუნდებიან, რომ ხმის მთვლელ აპარატში არაფერი არ არის, ის დაილუქება და აპარატი გააქტიურდება, აპარატიდან ამოვა ნულოვანი ქვითარი და ამის შემდეგ იწყება კენჭისყრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ გადასატანი საარჩევნო ყუთი გავა მოდერნიზებული საარჩევნო უბნიდან, ამომრჩეველთან მივა მოდიფიცირებული ბიულეტენი თავისი ჩარჩოფორმით. როდესაც ამომრჩეველი სახლში თავის ნებას დააფიქსირებს, ჩარჩოფორმაში ამობრუნებული სახით მოთავსდება ბიულეტენი და შესაბამისი ჩამკეტებით ჩაიკვრება, რომ ბიულეტენი ჩარჩოფორმიდან არ გადმოვარდეს, ხოლო როცა 20:00 საათზე საარჩევნო უბანი დაიხურება და გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის პროცედურა დაიწყება, ეს ჩამკეტები მოიხსნება და იმავე ჩარჩოფორმით მოხდება მათი მოთავსება ძირითად საარჩევნო ყუთში.