არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება. რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
„2012 წელს, არჩევნების შედეგად, ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა. მიუხედავად ამისა, 12 წელი ქვეყანა ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდა და ვერაფრით ხერხდებოდა პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება. კრიმინალური რეჟიმის არაერთი ლიდერი გასამართლდა, გარკვეული სასჯელები მოიხადეს ეგრეთ წოდებულმა ძალოვანმა მინისტრებმა, ციხის ჯალათებმა, ბიუჯეტის ქურდებმა და ბანდიტური სისტემის სხვა მსახურებმა, მაგრამ ქართული საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. კრებსითი ნაციონალური მოძრაობა, როგორც მეტასტაზი, ისევ აგრძელებს არსებობას და საზოგადოებაზე მორალურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას. ეს არის ტოქსიკური პოლიტიკური ძალა, რომლის არსებობა აბინძურებს და წამლავს ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეს.
12 წლის განმავლობაში, ხელისუფლებას უმძიმეს პირობებში უხდება ქვეყნის მართვა და საზოგადოების საჭიროებებზე ზრუნვა − ერთი მხრივ მთელი ენერგია და რესურსი მიმართული უნდა იყოს ეკონომიკის ზრდაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ქვეყანაში დოვლათის შექმნასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, ამის პარალელურად კი, მუდმივი რყევების, გარე თუ შიდა პოლიტიკური აქტორების განეიტრალების, რევოლუციებისა თუ ომის რისკ-ფაქტორების გამკლავების მხრივ უწევს ბრძოლა, რასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
ქვეყანამ კრებსითი ნაცმოძრაობის მიერ ხელოვნურად შექმნილ იმდენ პოლიტიკურ კრიზისსა და დესტაბილიზაციას გაუძლო, რთული დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი 12 წლის განმავლობაში მოხდა ერთ პატარა საქართველოში, ოკუპაციისა და სხვა უამრავი გამოწვევის ფონზე.
თითქოს ჩვეულებრივ ამბად გვექცა რევოლუციური სცენარები, ყოველი არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობები, გარედან თავსმოხვეული პოლარიზაცია, განსხვავებული აზრის გამო ადამიანების ჩაგვრა, ლანძღვა, გინება და ქართველი ხალხის მუდმივ ტერორში ყოფნა. უკვე 12 წელია აგრესიული უმცირესობა ყველა დაუშვებელ ფორმას იყენებს იმისათვის, რათა გაბატონდეს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ უმრავლესობაზე.
ფსევდოლიბერალიზმმა საქართველოში არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რაც ძალიან სახიფათო მოვლენაა და რამაც ნებისმიერ დროს შესაძლოა იმდენად მძლავრი უკურეაქცია გამოიწვიოს, რომ ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი თავის დაცვა, თუნდაც ყველაზე მკაცრი ფორმებით.
ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი უმრავლესობა ჯერჯერობით გონივრული მოთმინებით უყურებს ქვეყანაში ფსევდოლიბერალური უმცირესობის მიერ მოწყობილ ვერბალურ ტერორს და მათი პოლიტიკოსი ლიდერების მუდმივ მცდელობას, ძალაუფლება ისევ მიიტაცონ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ფსევდოლიბერალიზმის პირობებში, დამნაშავე რეჟიმის დაუსჯელობის სინდრომმა შესაძლოა ნებისმიერი ტრაგედია კრებსითი ნაცმოძრაობისთვის ხელისუფლების დამხობის იარაღად აქციოს.
უსამშობლო აგენტურას, გასული 12 წლის განმავლობაში ორი ფაქტორი ასულდგმულებდა − გარე პატრონები და მათი სექტა, ანუ ამომრჩეველი. ყოველ არჩევნებზე კრიმინალურ პოლიტიკურ რეჟიმს მართალია მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობის მანდატები ეძლევათ. 9 არჩევნებია კრებსითი ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ ახერხებს, მაგრამ ოპოზიციიდან აგრძელებს საზოგადოების უმრავლესობის ტერორს, რაც სრულად არის მხარდაჭერილი მათი გარე პატრონების მიერ და რაც დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.
ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასამართლოებში არაერთი განაჩენია დამდგარი, რომელიც ნაც-მოძრაობის რეჟიმის სისტემურ დანაშაულებს ადასტურებს. ასევე, 2008 წლის ომის შესახებ არსებობს ტალიავინის დასკვნა და თავად ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მიერ მხარდაჭერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია (1633), რომელიც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს ამხელს. ყოველივე ამის პარალელურად, ჩვენ გარშემო ათასობით რეპრესირებული, განადგურებული ოჯახია, რომლებიც დღემდე სამართლიანობის აღდგენას მოელიან. როდესაც ამის შემდეგ კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ ხმას, ე.ი. შენც ქვეყნის მტერი ხარ და ყველა ჩადენილი დანაშაულის არათუ მხარდამჭერი, თანამონაწილეც კი ხდები.
ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ გვიან, მაგრამ მტკიცედ აცხადებს კოლექტიური ნაც-მოძრაობის გასამართლების დაპირებას. მიგვაჩნია, რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება, ვიდრე ადამიანთა ეს ჯგუფი აგრძელებს მათ მხარდაჭერას და არჩევნებში აძლევს ხმას.
ძალიან ხშირად მოგვისმენია შეკითხვა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისგან, თუ ვინ არიან სექტის მხარდამჭერები, რა საშუალებით და მანქანებით დააჰიპნოზეს იმგვარად, რომ მზად არიან, ნაციონალური მოძრაობისათვის ხმის მიცემის სანაცვლოდ დანაშაულის თანამონაწილე და სისხლის სამართლის დამნაშავეც კი გახდნენ. არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ამ ადამიანებს, ყველას აქვს გაცნობიერებული, თუ ვის აძლევენ ხმას. და რადგან გონზე მოსვლის დრო ჯერ საკმარისად არის, მათ ბევრჯერ უნდა შევახსენოთ, რომ მაღალი ალბათობით, სააკაშვილი თავის ბოროტებითა და სხვისი გაუბედურებით დამძიმებულ ცხოვრებას კიდევ დიდხანს გააგრძელებს პატიმრობაში. მის მიმართ უკვე არსებობს განაჩენები სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, კიდევ რამდენი საქმე ძიების პროცესშია და წინ არის ყველაზე მთავარი − მისი უმკაცრესი გასამართლება 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებისა და ქვეყნის ტერიტორიების გადაბარების გამო, რისთვისაც მას სამუდამო პატიმრობა არ უნდა ასცდეს.
სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობას ისიც ემატება, რომ სამუდამო პატიმრობისთვის საკუთარმა პატრონებმაც გაწირეს და მხოლოდ მოვალეობის მოხდას დაემსგავსა მისი მოხსენიება ამა თუ იმ რეზოლუციაში.
აი, ასეთ ოდიოზურ ფიგურას რომ კიდევ ხმას აძლევ და ამას შეგნებულად აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ თანამონაწილე და გამზიარებელი ხარ ყველა იმ კრიმინალის, რაც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინეს. დანაშაულში თანამონაწილეობა კი, არა მხოლოდ მორალურად, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა!
საერთაშორისო სისხლის სამართალი დამნაშავედ მხოლოდ დანაშაულის უშუალო შემსრულებელს კი არ მიიჩნევს, არამედ მასთან ერთად დამნაშავეა ორგანიზატორიც, წამქეზებელიც და დამხმარეც. ასეთია საერთაშორისო და შესაბამისად, ქართული სამართლის პრაქტიკა. ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობის და მისი სხვადასხვა დანაყოფის აგიტაციას ეწევიან, მხარდაჭერას უცხადებენ და ხმას აძლევენ, ბუნებრივია, მათი განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები, ამ შემთხვევაში, დამხმარეები, ანუ იმავენაირი დამნაშავეები არიან. გამოდის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-24 მუხლებით გათვალისწინებული, დანაშაულში თანამონაწილეობის ყველა ფორმა და კონკრეტული სუბიექტები სახეზეა − დანაშაულის აღმსრულებლები (სსკ-ის 22-ე მუხლი) − ნაცმოძრაობის და მისი დანაყოფების წარმომადგენლები. მეორე − დანაშაულის დამხმარეები, (სსკ-ის 24-ე მუხლის მესამე ნაწილი) ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ აგიტაციას, მხარს უჭერენ და ხმას აძლევენ დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას (აღმსრულებელს) და ამით ხელს უწყობენ მის მიერ დანაშაულის ჩადენას.
სააკაშვილის მსგავსად, ბევრად მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც რამდენიმე ათასი ადამიანი, საკუთარი ხმის მიცემით ტოვებს პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ორ ჯაშუშს − გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს. ამის მტკიცებულებაც ხელისგულზე დევს. გახარია, მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, დავალების შესაბამისად უმაღლესი თანამდებობიდან გადადგა ერთადერთი მიზნით − როგორმე ხელისუფლებაში ისეთი ნეგატიური პროცესები გამოეწვია, რომ გუნდი ჩამოეშალა. პატრონებმა მას შეურაცხმყოფელი დავალებაც კი მისცეს და გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხი განუსაზღვრეს. არადა, რამდენიმე თვით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ დასრულებით „ემუქრებოდა“. გახარია ქართული საზოგადოების თვალწინ, ღიად და დაუფარავად გაფორმდა უცხო ქვეყნის ჯაშუშად, ამიტომ მათთვის ხმის მიმცემმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიზიარონ ის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რასაც ღიად ჯაშუშობაში მხილებული ადამიანის მხარდაჭერა უნდა იწვევდეს.
კიდევ უფრო აშკარა, ღრმა და ხილული კავშირები აქვს „ნაცმოძრაობასთან“ მეორე ჯაშუშს − მამუკა ხაზარაძეს. წლების განმავლობაში სასამართლოს მიერ დადასტურებული თაღლითი „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური ბანდის საკვანძო ფიგურა იყო. სწორედ ის იფორმებდა წართმეულ ქონებებს, ღამის საათებში, რეკეტის მსხვერპლ ადამიანებს ართმევდა ბიზნესებს და შემდეგ თავად განკარგავდა ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. „მაგნატის“, „სენტას“, „ელიტ ელექტრონიქსის“, „ბანკი კონსტანტას“, „თბილისი ცენტრალის“ საქმეები საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რომ ხაზარაძე შერწყმული იყო რეჟიმთან და მათი დანაშაულის უშუალო თანამონაწილე გახლდათ. ყველას გახსოვთ, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ შემოვიდა, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასჯელისგან თავის არიდების გამო, მან არათუ პოლიტიკას შეაფარა თავი, არამედ მთელი ქვეყნის თვალწინ უცხო ქვეყნის ჯაშუშად გაფორმდა და ღიად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ გარე დავალებების შესრულება.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება − „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავიანთმა პატრონებმა საკუთარ სამსახურში ნაბიჯ-ნაბიჯ, 2003 წლიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ჩაიყენეს. დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ჯგუფი ე.წ. რევოლუციით მოიყვანეს ხელისუფლებაში და ქვეყნის მართვის გამოცდილების არმქონე ადამიანების შეცდომებს თუ ძალაუფლებით ტკბობის სურვილს მათ დასამორჩილებლად იყენებდნენ. ასევე, გარედან კარნახობდნენ პრობლემების მოგვარების ისეთი სასტიკი მეთოდების გამოყენებას, რა მეთოდებიც კიდევ უფრო მეტად გახდიდა დამოკიდებულს პატრონებზე. დანაშაულთა მთელი წყების შემდეგ, სააკაშვილმა 2008 წელს რიგგარეშე არჩევნები ჩაატარა, რომელიც პირწმინდად წააგო, თუმცა ამ არჩევნებს მისმა პატრონებმა ლეგიტიმაცია მისცეს და მალევე შეასრულებინეს მთავარი დავალება − საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიეს. ამ ყველაფერს მოჰყვა საქართველოში დიქტატურის გაფორმება და ყველა ინსტიტუციის საბოლოოდ მოშლა. ყველაფერი გარედან ხელით მართვაზე გადავიდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ „ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფიდან“ დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელ ადამიანთა კრიმინალურ დაჯგუფებად იქცა.
მათგან განსხვავებით, ხაზარაძეც და გახარიაც ამ პროცესს გვერდიდან ადევნებდნენ თვალს და ძალიან კარგად იციან, როგორ მიიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპი ამ სავალალო მდგომარეობამდე. და მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს გაცნობიერებული და გააზრებული აქვს, რა შედეგები მოაქვს აგენტურის ხელისუფლებაში ყოფნას ქვეყნისათვის, არათუ უარი არ უთქვამთ ჯაშუშად გაფორმებაზე, არამედ ორივემ საჯაროდ გადადგა ეს ნაბიჯი. ხაზარაძემ პოლიტიკური პარტია შექმნა და ლობის ძიებაში სრულად ჩაბარდა უცხოელ დავალებების მიმცემებს, ხოლო გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდანაც კი გადადგა, რადგან უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშად მსახურებაზე. ამიტომ, ერთიც და მეორეც „ნაცმოძრაობაზე“ ბევრად საშიში ძალაა ჩვენი ქვეყნისათვის. ხაზარაძეც და გახარიაც ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებენ, თან ზუსტად იციან, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში უმძიმესი ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შესრულება მოუწევთ. ამიტომ, ბევრად სახიფათოა ქვეყნისათვის მათი ამომრჩეველიც. იმ ხალხმა, რომლებიც გახარიას და ხაზარაძის მხარდამჭერები არიან, უნდა გააცნობიერონ, რომ ხმას აძლევენ საქართველოს გადაბარებას ჯაშუშებზე და თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, ნაცმოძრაობის მაგალითზე, ხელისგულზე დევს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჯაშუშობის მხარდაჭერისათვის აუცილებელია მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც. თუ ნაცმოძრაობის ამომრჩეველს შეიძლება რაიმე სახის შეღავათით შეხედო, რამეთუ ისინი წლებია ყალიბდებიან ანტიქართულ ძალად და ბევრს შესაძლოა არც ახსოვდეს წარსულის პროცესები, ხაზარაძე და გახარია ამომრჩევლის თვალწინ, 2-3 წლის განმავლობაში იქცნენ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ჯაშუშებად.
სწორედ ამ მრავალ მიზეზთა გამო, ამჯერად მაინც უნდა მოვახერხოთ პრობლემის და ბოროტების სათავემდე მისვლა და მისი ამოძირკვა. პრობლემის სათავე კი, როგორც აღინიშნა, სწორედ ის თითოეული რიგითი ამომრჩეველია, რომელიც ამ დროის განმავლობაში ასულდგმულებს და სიცოცხლეს უნარჩუნებს საზოგადოების მეტასტაზს, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“. 9-წლიანი მმართველობა მისი არსით და სიმძიმით, იყო ფაშისტური, შესაბამისად ლოგიკურია, ვიხელმძღვანელოთ იმ დასავლური პრაქტიკით, რითაც მოხერხდა ფაშისტური რეჟიმის გასამართლება და აღსანიშნავია, რომ პროცესი დღემდე გრძელდება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დაიწყო სამართლებრივი პროცედურები, რომლის მიხედვით დამნაშავეები დაყოფილ იქნენ 5 კატეგორიად, მათ შორის იყვნენ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მხარდამჭერებიც.
ყველა კატეგორიას დანაშაულის სიმძიმის მიხედვით დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რამაც საშუალება მისცა გერმანიის მოსახლეობას გათავისუფლებულიყვნენ ფაშისტური წარსულისგან.
აღნიშნული პროცესი, რომელიც გერმანიის დასავლურ ნაწილში ამერიკელების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა, აჩვენებს, რომ შესაძლებელია მოხდეს აღწერა კრიმინალური პარტიების თითოეული ამომრჩევლის, ვინც უნდა გააცნობიეროს, რომ დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია! თითოეულ ამ ადამიანს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მტრობისა და დაუსრულებელი რყევის გამო. სწორედ ამ სექტის გასამართლებით და მათი პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაში დასრულდება აქამდე არსებული უკიდურესი რადიკალიზაცია და მრავალწლიანი სიარული ერთ ჩაკეტილ წრეზე. როდესაც ამ პოლიტიკურ ბანდიტებს აღარ ექნებათ თუნდაც მცირე რაოდენობის, მაგრამ მაინც საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია, სწორედ მაშინ გაიწმინდება პოლიტიკური სისტემა და ასპარეზზე ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები გამოვლენ.
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა 300 000 ადამიანს გაატარა მართლმსაჯულების პოლიტიზებული და მოძალადე სისტემა. სიმბოლურია, რომ დაახლოებით ამდენივე ადამიანისგან შედგება სექტა, რომელიც წლებია აცოცხლებს დამნაშავე პოლიტიკურ ძალებს და სწორედ ამ პერსონებმა უნდა იცოდნენ, რომ მოხდება მათი მხილება და მოუწევთ სამართლებრივი ფორმით პასუხისგება, რადგან საკუთარი არჩევანით იზიარებენ და ხდებიან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულის მონაწილენი. გარდა ამისა, ისინი საკუთარი მხარდაჭერით აგენტურულ ძალებს უქმნიან ფონს, იმისათვის, რათა გარე პატრონებმა გააგრძელონ მათი ლობირება და ადრე თუ გვიან ძალაუფლებაც ჩაუგდონ ხელში.
არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება. რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა.
კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, არანაკლები სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება!
დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!“, – ნათქვამია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაში.