ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იურისტი ნათია სვანიძე, რომელიც ერთმანეთისგან ბავშვს და ძაღლს ვერ არჩევს, დააწინაურეს.
საინფორმაციო პორტალი region.ge-ს მკითხველისთვის ცნობილია ის ფაქტები, რასაც ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში აქვს ადგილი.
როგორც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, ის, რაც სარჯველაძის უწყებაში ხდება, უკვე ანეკდოტურ ხასიათს იძენს და რომ არა თვითონ ფაქტების მძიმე შინაარსი, ნამდვილად სასაცილო იქნებოდა.
“როგორც რამდენიმე ხნის წინ თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის იურისტი ნათია სვანიძე ერთმანეთისგან ელემენტარულად ბავშვს და ძაღლს ვერ ასხვავებს, ამის დასადასტურებლად არსებობს მის მიერ შედგენილი ოქმი.
ეს ის ნათია სვანიძეა, რომელმაც ჯარიმა თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო დამიწერა, თითქოსდა, მოსამართლის განჩინებას არ ვასრულებდი და ჩემი არასრულწლოვანი შვილი “ვერ მოვამზადე”, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კვირაში ორი დღე დედასთან წასულიყო.
ეს ის ნათია სვანიძეა, რომელმაც, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის სხვა თანამშრომლებთან, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად დამალა ინფორმაცია სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რაც არასრულწლოვნის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთ ფაქტს ეხება.
ეს ის ნათია სვანიძეა, რომელმაც ამავე უწყების ფსიქოლოგის, ნინო სამხარაძის მიერ უტიფრად გაყალბებული ე.წ. სიტუაციური ანალიზის საფუძველზე ძალაში დატოვა მის მიერვე შედგენილი ჯარიმა და პოლიციას და პროკურატურას მიმართა, რათა ჩემ მიმართ გამოძიება დაეწყოთ.
ეს ის ნათია სვანიძეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა რეკომენდაციით, რომ მე, როგორც მშობელს, შვილების მიმართ სამი თვით დამცავი ორდერი გამომეწეროს, რაც გულისხმობს, რომ სამი თვის განმავლობაში შვილებთან მიახლოება ამეკრძალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება…
თქვენთან საუბარში ადრეც ვაცხადებდი და გავიმეორებ, რომ ჩემი არასრულწლოვანი შვილი, ფაქტობრივად, წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი საკუთარი დედისა და დედის მშობლების მხრიდან.
გასულ წელს, როდესაც ბავშვი დედამ მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთარ მშობლებთან წაიყვანა, ჩემმა შვილმა მოახერხა ტელეფონზე დამკავშირებოდა და მითხრა, რომ “თავს ჩამოიხრჩობდა” თუ იქიდან არ წავიყვანდი.
აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან ბავშვის ფსიქოემოციური ფონი ძალიან მძიმე იყო, ჩემს შვილს სპეციალიზებულ ფსიქოლოგთან 12-სეანსიანი კურსი გავატარე, რის შემდეგაც მადლობა ღმერთს, მდგომარეობა დასტაბილურდა.
აღნიშნულის შესახებ, რა თქმა უნდა, ინფორმირებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს ზემოხსენებული კანტორა, თუმცა ეს მათ, ისევე როგორც არასრუწლოვნის მიმართ ფიზიკური და ჯგუფური ფსიქოლოგიური ძალადობა, არ შეიმჩნიეს.
როგორც “იურისტი” ნათია სვანიძე აცხადებს, მათ სასამართლოს იმიტომ მიმართეს ჩემ მიმართ სამთვიანი დამცავი ორდერის გამოცემის რეკომენდაციით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ კანტორაში მულტიდისციპლინარულმა (იმედია ტერმინი სწორად მახსოვს) ჯგუფმა იმსჯელა, აწონა ის რისკები და ფსიქოლოგიური სტრესი, რასაც ბავშვი მიიღებს მისი (მოძალადე) დედასთან იძულებით წასვლის შემდეგ და დაასკვნა, რომ უმჯობესია ბავშვთან მიახლოება ამეკრძალოს, ბავშვთან, რომელიც დაახლოებით წელიწადნახევარია ჩემთან ცხოვრობს და დედასთან თუნდაც ერთი დღით წასვლის სასტიკი წინააღმდეგია, ვინაიდან ახსოვს ძალადობის ის ფაქტები, რასაც წლების განმავლობაში განიცდიდა.
მაინტერესებს, ვინ შედის იმ ე.წ. მულტიდისციპლინარულ ჯგუფში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მიუხედავად არასრულწლოვნის მიერ სიუციდური იდეის განვითარებისა, მაინც უმჯობესია, რომ ბავშვი დედასთან იძულებით წაიყვანონ. მაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს ბავშვის ქცევაზე იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული კანტორის რეკომენდაციას სასამართლო გაითვალისწინებს.
მე ცოტა ხნის წინ, თქვენთან ინტერვიუში პირადად ჯანდაცვის მინისტრ ბატონ სარჯველაძეს მივმართე. იმედია ეს მიმართვა მისთვის ცნობილია და მივმართავ კიდევ ერთხელ: არასრულლოვნის მომავალზე პასუხისმგებლობა პირადად თქვენ დაგეკისრებათ, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მოძალადე დედასთან და დედის მშობლებთან იძულებით წაიყვანენ”, – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
მისივე თქმით, ფაქტები არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შესახებ და აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ბავშვის დედის მიერ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტებზე, ხოლო რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სისხლის საამართლის სავარაუდო დანაშაულებს, მიუხედავად ჩემი არაერთგზის მიმართვისა, არათუ გამოძიება არ დაწყებულა, არამედ ჯერ გამოკითხვაზეც არავის დავუბარებივარ და ამ საკითხზე გამომძიებლებთან ჩემი ურთიერთობა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ამჟამად მიმდინარეობს მტკიცებულებების სისტემატიზაცია, რის შემდეგაც მე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოების მაღალი ინფორმირებულობის ფონზე, პრესის თანდასწრებით მივმართავ და მოვითხოვ გამოძიების დაწყებას ჯანდაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც უმძიმესი დანაშაული დამალეს და ჩემი შეფასებით, დანაშაულებრივ ქმედებებს დღემდე განაგრძობენ.
როგორც თქვენი მკითხველისთვის ცნობილია, ჩემი თითქმის ცხრათვიანი ბრძოლის და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოს შიდამონიტორინგის სამსახური იძულებული გახდა ეღიარებინა უწყების სოცმუშაკის, მისი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულკებლის და თავად თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ჩადენილი დისციპლინარული გადაცდომის ფაქტი, რაც ჩემი შეფასებით, არა მხოლოდ გადაცდომა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია.
ყველაზე კურიოზული კი ის არის, რომ თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სწორედ ამ გადაცდომის შემდეგ დაინიშნა თანამდებობაზე ოფიციალურად, ხოლო დეტალები, თუნდაც იმის შესახებ, რა სანქციები გატარდა მათ მიმართ, ჩემი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, უცნობია.
ამას ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტით ხსნიან. ანუ მე არ მაქვს უფლება ვიცოდე, ვინ ჩაიდინა ჩემი შვილების მიმართ დისციპლინარული გადაცდომა და რა სანქციები გატარდა მათ მიმართ.
გარდა ზემოთნახსენები სამი პირისა, რომელიც დისციპლინარულ გადაცდომაში საკუთარმა უწყება ამხილა, სსიპ-ის შიდამონიტორინგის სამსახურში მიმდინარეობს მოკვლევა იურისტ ნათია სვანიძისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიმართ, თუმცა ეს მოკვლევა უკვე თვეებია იწელება, მიუხედავად ჩემ მიერ მიწოდებული მტკიცებულებებისა და არაერთგზის შეხვედრისა ამ სამსახურთან.
მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის შიდამონიტორინგის სამსახური ფსიქოლოგ ნინო სამხარაძისა და იურისტ ნათია სვანიძის მიმართ დასკვნის დადებას სპეციალურად აჭიანურებს, ვინაიდან, ერთი მხრივ, ვერ გაურბიან ჩემ მიერ წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს, ხოლო მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ სვანიძისა და სამხარაძის მიმართაც ე.წ. დისციპლინარული გადაცდომის (ჩემი აზრით სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულის) ფაქტი დაფიქსირდება, ამით პრაქტიკულად დადასტურდება უწყებაში იმ დანაშაულებრივი და (ჩემი ინფორმაციით) კორუფციული სისტემის არსებობა, რის შესახებაც წელიწადზე მეტია ვსაუბრობ.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჩემ მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის საკითხი განიხილება, ერთი საგულისხმო ფაქტი დაფიქსირდა: როგორც ზემოთ ვთქვი, სსიპ-ის იურისტმა, ნათია სვანიძემ მისცა სასამართლოს რეკომენდაცია, რომ ჩემ მიმართ სამი თვით დამცავი ორდერი გამოიწეროს და ეს ახსნა იმით, რომ აღნიშნულ საკითხზე მისმა სამსახურმა იმსჯელა.
ამავე სხდომაზე, ამავე უწყების ფსიქოლოგმა ნინო სამხარაძემ მოსამართლეს განუცხადა, რომ ის არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ჩემ მიმართ დამცავი ორდერის გამოცემას” – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
ის კიდევ ერთხელ მიმართავს ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს, მოახდინონ დროული და ეფექტური რეაგირება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
“მივმართავ ბატონ სარჯველაძეს და ბატონ გომელაურს: მოახდინეთ დროული და ეფექტური რეაგირება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება. აქ, ერთ მხარესაა არასრულწლოვნების მომავალი და მათი საუკეთესო ინტერესები, ხოლო მეორე მხარეს დგას სავარაუდო დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ბავშვების ბედით ვაჭრობს და რომელიც მომავალი თაობის ჯანსაღ და სრულფასოვნად განვითარებას უბრალოდ ებრძვის” – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.