Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.

„ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან.

რადგან ჩემი წარსადგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დროა, რომ ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.

„იმ დროს, როცა ამ ოთხ პარტიას შორის ჯერ არ არის ურთიერთნდობა, მანამდე საჭიროა, გარკვეული იყოს, ვინ დგას ერთგულად ბოლომდე ამ ქარტიის უკან. მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება, უკან წაიღონ ხელმოწერა. საჭიროა, საზოგადოებამ ხმის მიცემის დროს იცოდეს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან. დარწმუნებული ვარ, ამით გადავლახავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მომავალ წელს, ივნისში  მიიყვანს ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნამდე, რაც ვთვლი, რომ არის ჩემი პასუხისმგებლობა და რომელზეც ჩემი პასუხისმგებლობა შემდეგ მოხსნილი იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ქარტიის საკითხზე ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდა და თუ ამ იდეას განახორციელებს, ისინი დახმარებას დაჰპირდნენ.

„ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდება რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან. მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მხრივ საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე, ვარ ჩემი სიტყვის ერთგული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები