დღეს ჩამოვედი ჩემს მშობლიურ მხარეში, კახეთში, შევხვდი ჩვენი გუნდის წევრებს, თითოეული შტაბის მუშაობას გავეცანი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. მჯერა, რომ კახეთი იტყვით თავის ღირსეულ სიტყვას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კახეთში ვიზიტის მთავარი მიზანია, პირადად გაეცნოს შტაბების მუშაობას, ვინაიდან საჭიროა ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზება მაღალი შედეგის მისაღებად.
„ჩემი ჩამოსვლის მიზანი და მიზეზი სწორედ ის არის, რომ პირადად გავეცნო ჩვენი შტაბების მუშაობას. რა თქმა უნდა, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, მომხრეების, მხარდამჭერების, რათა მაქსიმალური შედეგი დაიდოს ყველა რეგიონში. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული იმის საჭიროება, რა შედეგი უნდა დადგეს ამ არჩევნებით. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას, ღირსეულ ევროპულ მომავალს და, რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ არავითარი შანსი, პერსპექტივა ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას არ აქვს ამ არჩევნებში. ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად სამართლიან, თავისუფალ გარემოში, ყველა პარტიას ეძლევა ამის საშუალება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებში მაქსიმალური შედეგების მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.