„სახელმწიფოს მიტაცება კორუფციის უმძიმესი ფორმაა, როდესაც კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების ან კონკრეტული სფეროს მიტაცებას და ამით ცალსახად ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისა და ამ პროცესის შედეგად სარგებლის მიღების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია სწორედ ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა, გამდიდრება და კანონის მოთხოვნების იგნორირება. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დაუსჯელობა და მისთვის სასათბურე პირობების შექმნა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში. მართლმსაჯულების სისტემის მიტაცების გარეშე, ამ ოდენობისა და სიმძიმის სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სამართალდამცავთა უმოქმედობა შეუძლებელი იქნებოდა“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით.