საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ უნდა გაგრძელდეს.
აღნიშნულის შესახებ სარჯველაძემ ანგარიშის – „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და გაწეული საქმიანობისთვის თანამშრომლებსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მადლობა გადაუხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება დაახლოებით გახუთმაგებულია და ასეულობით მილიონ ლარს მოიცავს.
„ეს არ არის ის ნიშნული, რომლითაც კმაყოფილი ვიქნებით. ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს, ვიდრე თითოეული პაციენტი მიწოდებული სერვისებით კმაყოფილი არ იქნება. ამ თვალსაზრისით, ტენდენცია მართლაც დამაკმაყოფილებელია. ყველაფერი კეთდება, რათა ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური გაუმჯობესება მეტწილად ხმარდებოდეს იმ სოციალურ პროექტებს, რომლითაც შეგვიძლია, შემდეგ თავიც მოვიწონოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ დღევანდელი თემატური მოკვლევის ანგარიში და მისი წარდგენა ემთხვევა იმ დღეს, როდესაც აღინიშნება პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღე. ალბათ არსად, არცერთ სფეროში, არცერთი პაციენტის შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის პაციენტის უსაფრთხოება, ინტერესის დაცვა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე, როგორც ონკოლოგიის სფეროში. ეს არ არის უბრალოდ სიმბოლური დამთხვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს ამ სახით აღნიშნავს კომიტეტი მნიშვნელოვან ინიციატივას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.