რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს და რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილებები შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირდაპირი მონაწილეობა არსებითად ცვლის თავად კონფლიქტის არსს, მის ბუნებას. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნატო-ს ქვეყნები, აშშ, ევროპული ქვეყნები ომობენ რუსეთთან და თუ ეს ასეა, მაშინ, ამ კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა დასავლეთის დახმარების გარეშე ვერ მოახერხებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმას.
„საქმე ისაა, რომ მე უკვე ვისაუბრე ამის შესახებ და ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს როგორც ჩვენთან, ისე დასავლეთში – უკრაინას არ შეუძლია დარტყმების განხორციელება თანამედროვე, დასავლური წარმოების შორ მანძილზე მოქმედი იარაღით. ეს შესაძლებელია მხოლოდ თანამგზავრებიდან მიღებული სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით, რომლებიც უკრაინას არ გააჩნია. ამ ინფორმაციის მიღება მხოლოდ ევროკავშირის ან აშშ-ის თანამგზავრებიდან, ნატო-ს თანამგზავრებიდან შეიძლება“,- განაცხადა პუტინმა, რომლის კოემენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.