Thursday, November 21, 2024
6.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: ცესკო-ზე თავდასხმა დასტურია, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების არაღიარებისთვის

ცესკო-ზე თავდასხმა დასტურია, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების არაღიარებისთვის. აქედანვე იმზადებს საბაბებს, რათა არ აღიაროს არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ გამოყენების მცდელობა ინტენსიურ ხასიათს იძენს“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იგივე ხდებოდა 2020 და 2021 წლებშიც.

„ჩვენ ეს არაერთხელ გვაქვს გავლილი. სხვა რამ კი არ ხდებოდა 2021, 2020 წელს. ჩვენ ვნახეთ, ცესკო-ს თანამშრომლებს თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თუ არ ვცდები, ფარულავა. ემუქრებოდა ცესკო-ს თანამშრომლებს არჩევნების შემდეგ დასჯით. 2020 წელს ეს ადამიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთ აქტივისტთან ერთად, შეფუთული იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასევე უცხოეთიდან ფინანსდებოდა. ზოგიერთი სხვა დღეს მოქმედი „ენჯეოს“ მსგავსად, ეს წარმოდგენილი იყო, როგორც დამკვირვებელი საარჩევნო საკითხებზე. ჩვენ ჯერ კიდევ 2020 წელს ვამხილეთ, გივი მიქანაძეს ჰქონდა ამაზე სპეციალური ბრიფინგი. ვამხილეთ მათი კავშირები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირდაპირ ჩანდა, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განყოფილება, რომელიც თავს ყიდდა, როგორც „ენჯეოდ“, იღებდა უცხოურ დაფინანსებას. ზედაპირული რომ არიან დონორები, ამიტომაცაა, რომ აფინანსებდნენ თურმე „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს ვნახეთ, რომ ისინი არიან პოლიტსაბჭოს წევრები, არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი წევრები და აქტივისტები, არამედ პოლიტსაბჭოს წევრები. ახლა უკვე ამ სტატუსით თავს ესხმიან ცესკო-ს თანამშრომლებს. ამაში გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო მეტი იქნება რადიკალიზმი, ძალადობა, სიძულვილის ენა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

„გამოიკვეთა მთავარი პრობლემა, რომ ადგილობრივი ე.წ. დამოუკიდებელი დამკვირვებლები, „ენჯეოები“ ხელს აფარებენ საარჩევნო დარღვევებს. ვნახეთ ბოლო შუალედური ანგარიშები, „ისფედის“, თუ არ ვცდები, საია-სიც. ანგარიშებში საერთოდ არ არის ასახული ეს დარღვევები – „ლელოს“ მხრიდან მოსყიდვა, ამხელა „ბასეინი“ ააწყო კაცმა და ვნახავთ ახლა, ანგარიშში აისახება თუ არა. ასევე, სხვა საკითხები, ძალადობა, ზეწოლა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, პლაკატების ჩამოხევა. ვხედავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე დაკავებულია პლაკატების ხევით. რაზე უნდა გვქონდეს საუბარი, რა სტანდარტებზე და კონსტიტუციებზე გველაპარაკება ეს ხალხი? ამიტომ ჩვენ ამას ვაკვირდებით. მათ შორის, ვაფიქსირებთ ყველა დარღვევას და ჩვენი ანგარიშები გვექნება ამასთან დაკავშირებით. წარვუდგენთ საერთაშორისო დამკვირვებლებსაც. მათი იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებში მაინც გამოჩნდებიან ობიექტური ადამიანები, რომლებიც ამას დააფიქსირებენ. ადგილობრივ დამკვირვებლებს რაც შეეხება, ვგულისხმობ „ენჯეოებს“, განსაკუთრებით ამ ენჯეოკლანს, სამწუხაროდ, მათი იმედი ჩვენ არ გვაქვს. ეს ის ხალხია, რომელმაც 2020 წელს ყალბი დასკვნები დადო, პარალელური დათვლა გააყალბა დონორთან შეთანხმებით და აქ რევოლუციურ სცენარს უქმნიდა საბაბს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები