Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე პირველი შეხვედრა ჩეხეთთან გამართა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.

ვილი სანიოლმა იგივე შემადგენლობა დააყენა, რაც ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან და ესპანეთთან შეხვედრებზე შეარჩია. მთავარი კითხვა იყო, შეძლებდნენ თუ არა „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

სტუმრები ისევ ნაცნობი ტაქტიკით, ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას და პირველი საგოლე მომენტი მე-7 წუთზე შექნეს – პატრიკ შიკმა კარში თავით დაარტყა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა პოზიცია ზუსტად შეარჩია და გუნდი გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე პრესინგით თამაშს და ბურთის გაკონტროლებას ვერ ახერხებდა და შეტევებსაც ვერ ამწვავებდა. პირველი სახიფათო შეტევა ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურობის შედეგად მე-14 წუთზე წამოვიწყეთ, მაგრამ კარში ზუსტი დარტყმა ვერ მოხერხდა.

საქართელოს ნაკრებმა თანდათნ თამაში გამოასწორა და ორი მწვავე შეტევა განავითარა. მათი დაგვირგვინება ჩაკვეტაძესა და გიორგი მიქატაძეს შეეძლოთ, მაგრამ პირველმა მეკარეს ვერ აჯობა, მეორემ კი ბურთი კარს ააცილა.

33-ე წუთზე „ჯვაროსნებმა“ ანგარიში მაინც გახსნეს – ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:0.

ტაიმის ბოლოს მიქაუტაძეს შეეძლო კვარაცხელიას წამოწყებული კონტრშეტევის დაგვირგვინება, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმი ორიოდე წუთის დაწყებული იყო, მიქაუტაძემ გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ჩეხების კოვარჟმა საიმედოდ ითამაშა.

53-ე წუთზე საქართელოს ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა. ოთარ კიტეიშვილის, რომელიც ჩვენს გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შეტევა კვარაცხელიამ გააგრძელა და ბურთი ჩაკვეტაძეს  გააყოლა, რომელიც მეკარესთნ პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა – 2:0.

63-ე წუთზე ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ლუკა ლოჩოშვილმა გააგრძელა და გიორგი მიქაუტაძემ ულამაზესი გოლით დააგვირგვინა – 3:0.

სამ წუთში კი საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, გიორგი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე პასი მიაწოდა ქოჩორაშვილს, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით ჩეხების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა – 4:0.

ჩეხებმა მე-80 წუთზე სხვაობის შემცირება ლუკაშ კალვაშის გოლით მოახერხეს, მაგრამ ეს უკვე აღარფერს წყვეტდა.

ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან გამართული მატჩი, როგორც ჩანს, კარგად გააანალიზა და მეტოქეს, რომელიც მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაზე ფიქრობდა, დიდი ანგარიშით სძლია.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას ტირანაში გამართავს – „ჯვაროსნები“ ალბანეთის ნაკრებს 10 სექტემბერს შეხვდებიან.

1tv.ge

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები