ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დაამტკიცა.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კარისლია როდრიგესმა განაცხადა, უზენაესმა ტრიბუნალმა განიხილა ქვეყნის საარჩევნო ორგანოს მასალები და დაადასტურა, რომ 28 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოს არ აქვს კონსტიტუციური უფლება, აღასრულოს საარჩევნო ფუნქციები, რაც ნიშნავს, რომ მისი დადგენილება ბათილია.
„სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და მისი გადაცემა შეუძლებელია. სახელმწიფოს ორგანოები გამომდინარეობს სახალხო სუვერენიტეტიდან და მასვე ემორჩილებიან“, – დაწერა სოციალურ ქსელში ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა, რომელსაც ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო ორგანომ ხმების 52%-ით გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციამ ხმების დათვლის საკუთარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.