შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 8 პირი.
ინფორმაციას და ვიდეომასალას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული ნ.ნ. და 1985 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 4 მჭიდი და 32 ვაზნა ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2006 წელს დაბადებული გ.რ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ო. დააკავეს. პოლიციამ გ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1964 წელს დაბადებული გ.ყ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი – 1987 წელს დაბადებული შ.ლ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა. ამავე დეპარტამენტის ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ნ.ტ. დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად პისტოლეტი ამოიღო.
დანაშაული 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.