Friday, November 22, 2024
7.8 C
Tbilisi

აუცილებლად მივაღწევ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაძლო დამნაშავე ჩინოსანი ხელბორკილით გაიყვანონ უწყებიდან; კიდევ ერთხელ მივმართავ მინისტრ სარჯველაძეს – მიხედეთ ე.წ. ზრუნვის სააგენტოში არსებულ განუკითხაობას

საინფორმაციო პორტალი region.ge აგრძელებს სტატიების ციკლს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოში არსებული ვითარების შესახებ.

როგორც წინა მასალებში არასრულწლოვნების მშობელზე დაყრდნობით ვწერდით, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში ადგილი აქვს ისეთ ფაქტებს, რომლებიც დასაჯერებლადაც ძნელია.

წინა მასალებში ჩვენ ვწერდით, როგორ აურია ამ სსიპ-ის იურისტმა ნათია სვანიძემ საკუთარ დასკვნაში ერთმანეთში ბავშვი და ძაღლი;  როგორ გააყალბა (მშობლის განცხადებით) სოცმუშაკმა სალომე ჯიოშვილმა დასკვნა არასრულწლოვნების შესახებ; რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, როგორ მიაღწია მშობელმა იმას, რომ თავად უწყების შიდამონიტორინგის დეპარტამენტმა, უამრავი მამხილებელი ფაქტის გამო, სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის, მისი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემრულებლის და ამავე სსიპ-ის თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ დისციპლინერული გადაცდომის ფაქტი დაადგინა. თუმცა, ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, ეს ვერტიკალი სავარაუდოდ კიდევ გაფართოვდება, ვინაიდან, უწყების შიდამონიტორინგის დეპარტამენტი ამჟამად იურისტ ნათია სვანიძისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის საქმეს სწავლობს.

ამასთან, როგორც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, მას მიაჩნია, რომ  აქ საქმე გვაქვს არა დისციპლინარულ გადაცდომასთან, არამედ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელთაც სავარაუდოდ გააჩნიათ ან გააჩნდათ შესაბამისი დაინტერესება, რათა გაყალბებასა და სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე წასულიყვნენ.

“დავიწყოთ იქიდან, რომ ე.წ. დისციპლინარულ გადაცდომაში მხილებულია დაბალი, საშუალო და უმაღლესი რგოლი. გადაცდომა შესაძლოა ჰქონდეს ერთ კონკრეტულ მუშაკს, მაგრამ როდესაც ამ “გადაცდომაში” სხვადასხვა რგოლი, მათ შორის თბილისის ცენტრის უმაღლესი თანამდებობის პირიცაა ჩართული, ეს, უდიდესი ალბათობით, არა დისციპლინარული გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაულია და არ გამოვრიცხავ, რომ საქმე სერიოზულ კორუფციულ სქემასთანაც გვქონდეს, ვინაიდან, რაც ამ უწყებაში ჩემ საქმესთან მიმართებით ჩაიდინეს, არაპროფესიონალიზმის ფარგლებს სცდება.

გარდა ამისა, ეს, ჩემი შეფასებით დანაშაულებრივი წრე შესაძლოა გაფართოვდეს, ვინაიდან, როგორც ცნობილია მოკვლევა მიმდინარეობს უწყების იურსისტ ნათია სვანიძისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიმართ, რის შესახებაც წინა ინტერვიუებში ვისაუბრე.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ უწყების მიერ ე.წ. დისციპლინარული გადაცდომის ფაქტის აღიარების შემდეგ, ჩემ საქმეში ჩაერთო ახალი სოცმუშაკი, რომლის დასკვნაც სოცმუშაკ ჯიოშვილის დასკვნისგან რადიკალურად განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ დასკვნაში არის რამდენიმე საკამათო ნიუანსი, ის მიახლოებულია რეალობას და ვფიქრობ, მეტნაკლებად ობიექტურად ასახავს საქმის არსს.

აქ საკითხავი მეორე მომენტია, ვინმე დაინტერესდა თუ არა, რატომაა ერთსა და იგივე საქმეზე ორი სოცმუშაკის დასკვნა ასე რადიკალურად განსხვავებული, მაშინ როცა მე თავის დროზე ორივეს ერთი და იგივე ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის სავარაუდო დანაშაულებისა და არასრულწლოვანზე სავარაუდო ჯგუფური ფსიქოლოგიური (და არა მხოლოდ) ძალადობის შესახებ.

გარდა ამისა, ჩემთვის დღემდე უცნობია, რა სახის სანქციები გატარდა თუნდაც იმ “დისციპლინარული გადაცდომის” გამო, რაც თავად უწყების შიდამონიტორინგის სამსახურმა დაადგინა ამ საქმეში.

მე აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენჯერმე მივმართე უწყებას განცხადებით და როგორც წესი, მპასუხობდნენ, რომ საქმეზე მიმდინარეობდა დისციპლინარული წარმოება, ბოლო წერილის თანახმად კი, (როგორც იურიდიული ტერმინოლოგიით შედგენილი ტექსტიდან დავასკვენი) დამრღვევ პირთა მიმართ გატარებული სანქციების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ანუ, გამოდის, რომ მე არ მაქვს უფლება ვიცოდე, როგორ დაისაჯნენ პირები, ვინც ჩემი შვილების ბედით მანიპულირებდნენ და კიდევ ვიმეორებ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხდებოდა გარკვეული დაინტერესების სანაცვლოდ.

მე ჩემი შვილების მომავლისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ, მაგრამ არ დავუშვებ, რომ პირებმა, რომლებმაც სავარაუდოდ ჯგუფური დანაშაული ჩაიდინეს, სხვისი შვილების მომავალიც ასე გაწირონ. ამით დავეხმარები მშობლებს, ვისაც არ აქვს სათანადო რესურსი, თავიანთი შვილების მომავლისთვის იბრძოლონ.

მიმაჩნია, რომ ე.წ. დისციპლინარულ გადაცდომაში მხილებული პირები, მინიმუმ სამსახურიდან უნდა იყვნენ გათავისუფლებული, ვინაიდან მათ არ მიეცეთ საშუალება არასრულწლოვნების მომავლით კვლავ იმანიპულირონ. ჩემ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კი, მიუხედავად იმისა, რა სანქციებს გაატარებს სამინისტრო, ბოლომდე ვიბრძოლებ.

მე რამდენიმე კვირის წინ მივმართე ბატონ სარჯველაძეს, რომ აღნიშნულ სსიპ-ში არსებული განუკითხაობისთვის მიეხედა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – აუცილებლად მივაღწევ, რომ უწყების ყველა სავარაუდო დამნაშავე ჩინოსანი ხელბორკილებით გაიყვანონ, რათა სხვისი შვილები იყვნენ დაცულნი იმ უკანონობისგან, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე” – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მან ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში არსებული განუკითხაობა და სავარაუდო დანაშაულებრივი ვერტიკალი ამხილა, უწყება უკვე ჩასაფრებულის პოზიციაზე გადავიდა და მაქსიმალურად ცდილობს მის “განეიტრალებას” ისეთი გზით, როგორიცაა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

“ადრეც ვაცხადებდი, რომ უწყების იურისტმა ნათია სვანაძემ ჩემს მიმართ შეადგინა ჯარიმის ოქმი, რომლის თანახმადაც, მე თითქოსდა, მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ვასრულებდი.

პროცედურების შესაბამისად, მე ეს ოქმი ჯერ იმავე უწყებაში გავასაჩივრე. საჩივარი მიიღო თავად საჩივრის დამწერმა, ანუ ნათია სვანაძემ(?!), რომელმაც, რა თქმა უნდა თავისივე შედგენილი ოქმი ძალაში დატოვა, რის არგუმენტადაც ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიერ შედგენილი სიტუაციური ანალიზი დაასახელა. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ: ფსიქოლოგმა ნინო სამხარაძემ საკუთარ ანალიზში ფაქტები გააყალბა! მოგვიანებით ჯარიმის ოქმი თავად უწყების კომისიამ განიხილა და როგორც მოსალოდნელი იყო, ჯარიმა მათაც ძალაში დატოვეს, რის შემდეგაც, პროცედურების თანახმად, მე მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში იცოდნენ, მე ჯარიმის ოქმს ვასაჩივრებდი, მათ მაინც მიმართეს პროკურატურასა და შსს-ს, დაეწყოთ ჩემს მიმართ გამოძიება იმის გამო, რომ მე თითქოსდა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვასრულებდი” – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

გარდა ამისა, ჩვენი რესპონდენტის თქმითვე, იქიდან გამომდინარე, რომ  ე.წ. ზრუნვის სააგენტო სამართლებრივად პრაქტიკულად ჩიხში შევიდა, მათი მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ ქმედებებს მის მიმართ, რაც ჩვენი რესპონდენტის თქმით, სავარაუდოდ პროვოკაციულ მიზნებს ატარებს.

“ერთ-ერთი ვიზიტის დროს, იურისტმა სვანაძემ საკუთარ ოქმში ჩაწერა, რომ ჩემი არასრულწლოვანი შვილი იყო დაღლილი, მაშინ, როდესაც ბავშვს დაღლილობის შესახებ არაფერი უთქვამს და არც ქცევით გამოუხატავს მსგავსი რამ. მითუმეტეს, ოქმის გაცნობის დროს მე ბავშვს იურისტის თანდასწრებით ვკითხე იყო თუ არა დაღლილი, რაზეც ბავშვმა უარყოფითი პასუხი გამცა.

როდესაც სვანაძეს ვკითხე, საიდან მოიტანა, რომ ბავშვი დაღლილია, მიპასუხა: “რა იცი, იქნებ ვიგულისხმე, რომ აღსრულების პროცესითაა დაღლილიო.”

ვუთხარი, რომ მაშინ ოქმში მიეთითებინა “აღსრულების პროცესით დაღლა”, რაზეც მიპასუხა, რომ ჩემი საქმე არ იყო ოქმში რას ჩაწერდა.

ჩემი შეფასებით, სიტყვა “დაღლა” მიზანმიმართულად ჩაწერა სვანაძემ ოქმში, რათა შემდგომში მანიპულირების საშუალება ჰქონოდათ, თითქოსდა ბავშვი დილის 10:00 საათზე უკვე დაღლილია, რაც ნიშნავს, რომ მე ვერ ვუზრუველვყოფ მის სათანადო რეჟიმს, რომ დასვენება მოასწროს.

მე სვანაძის აღნიშნული ოქმი გავაპროტესტე და ე.წ. ზრუნვის სააგენტოს წერილობითაც მივმართე.

ამ ოქმის შედგენიდან რამდენიმე დღეში, იგივე იურისტი, ნათია სვანაძე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მაფრთხილებს, რომ შემდეგი აღსრულების დღეს ბავშვის დედა აღსრულებაზე არ მოვა, “არასრულწლოვნის ინტერესებიდან ამომდინარე”. როდესაც მე სვანაძეს დავურეკე და ვკითხე, რას ნიშნავდა აღნიშნული შეტყობინება, მან მიპასუხა, რომ “ბავშვი იყო დაღლილი და მან ურჩია ბავშვის დედას არ მისულიყო აღსრულებაზე, რათა ბავშვს გამოძინების საშუალება ჰქონოდა”.

აღნიშნულის შემდეგ კვლავ მივმართე ე.წ. ზრუნვის სააგენტოს და ვაცნობე, რომ მიუხედავად ნათია სვანაძის შეტყობინებისა, მე მოსამართლის განჩინებით დაკისრებულ ვალდებულებებს მაინც აღვასრულებდი.

აღსრულების დღეს, მოსამართლის განჩინების თანახმად, ბავშვი გავიყვანე შესაბამის ადილას, სადაც ბავშვის დედა მოვიდა(!), თუმცა ბავშვმა მასთან წასვლაზე კვლავ უარი განაცხადა.

აქედან გამომდინარე მინდა ე.წ. ზრუნვის სააგენტოს რამდენიმე კითხვით მივმართო:

პირველი: საინტერესოა, შედის თუ არა იურისტის მოვალეობაში ბავშვის “დაღლილობის” შეფასება, ან რა კრიტერიუმები არსებობს ამის განსასაზღვრად…

მეორე: აქვს თუ არა იურისტს უფლება, “ურჩიოს” მშობელს სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა?

მესამე: რატომ გაახსენდა ახლა (მითუმეტეს არდადეგების დროს) ბავშვის დაღლილობა მას და ბავშვის დედას, მაშინ, როცა აღსრულების პროცესი თვეებია მიმდინარეობს. მითუმეტეს, ქ-ნი ნათია სვანიძისთვის, ამ კუთხით ბავშვის დედის არასრულწლოვნის მიმართ დამოკიდებულება ცნობილი იყო.

მეოთხე: ხომ არ ჰგავდა ქ-ნი ნათია სვანიძის ქმედება გარკვეულ პროვოკაციას, რომ მე აღსრულების პროცესი ჩამეგდო, რის შემდეგაც სამართლებრივი საფუძველი ექნებოდათ, ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა დაებრალებინათ?

მეხუთე: თუ ეს პროვოკაცია არ იყო, მაშინ რატომ გამაფრთხილა ქ-ნ სვანაძემ იმის შესახებ, რომ აღსრულების პროცესზე ბავშვის დედა არ მოვიდოდა და რატომ არ გამაფრთხილა იმის შესახებ, რომ ბავშვის დედამ გადაწყვეტილება შეცვალა?

ვიმედოვნებ, ამ კითხვებზე სათანადო პასუხს მივიღებ.

აგრეთვე, ვიმედოვნებ, ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად და ოპერატიულად დაიკავებს შესაბამის პოზიციას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში არსებული განუკითხაობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები მოვახდინო როგორც მმართველი ძალის ყველა დონის და საზოგადოების უფრო ფართო ინფორმირება ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში არსებული ვითარების შესახებ”- აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

წყარო

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები