თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს განუცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ისრაელზე ზეწოლას. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, ანკარა განაგრძობს პალესტინის მხარდაჭერას და უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაზარდონ ისრაელზე ზეწოლა.
ლიდერებმა ასევე განიხილეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც საჭიროა ღაზაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის.
თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზაში მიმდინარე ომი და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა დუმილსა და ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
როგორც ერდოღანმა აბასს განუცხადა, ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კი მუსლიმურმა სამყარომ, უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.
პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა თურქეთის პარლამენტს 15 აგვისტოს უნდა მიმართოს.
„ჩვენ ვაჩვენებთ, რომ აბასს აქვს უფლება, მიმართოს ჩვენს პარლამენტს, ისევე როგორც ნეთანიაჰუს აქვს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლის უფლება“, – თქვა ერდოღანმა აბასთან შეხვედრამდე, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.