მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის დროსაც ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანაც დატოვა.
მიუხედავად კომენდანტის საათისა, ქვეყნის დედაქალაქ დაკაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ის და მისი და სამხედრო ვერტმფრენით გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მისი ადგილსამყოფელი უცნობია. სავარაუდოდ, იგი ინდოეთში გაემგზავრა.
4 აგვისტოს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 13 პოლიციელია.
საერთო ჯამში, დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა.
ბანგლადეშში საპროტესტო აქციები ივლისიდან გრძელდება. დემონსტრანტები საჯარო სამსახურში კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ.
შეიხ ჰასინა ბანგლადეშის მთავრობის მეთაური 2009 წლიდან იყო.