GUARDIANGE-ის არქივის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის მიერ 18 ივლისს დამტკიცებულ მნიშვნელოვან ცვლილებას „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ხელი მოაწერა, რითაც ის ძალაში შევიდა და შესაბამისად, საქართველოში სავალდებულო სასკოლო განათლება ცხრის ნაცვლად 10-წლიანი გახდა, კანონი 2025 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
კანონში ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხი განსხვავებულად მოწესრიგდა და მიეთითა, რომ: საქართველოში არის სრული ზოგადი განათლების 3 საფეხური: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (4 წელი − VII−X კლასები) და საშუალო (2 წელი − XI და XII კლასები)“.
ამასთან, კანონს დაემატა გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრა ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები:
1. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება აგრეთვე იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან.
2. ის მოსწავლეები, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში შეუჩერდათ და რომლებიც ამ სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
3. ის მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლევენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.