პარიზის ოლიმპიადის მეოთხე დღე საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა. ძიუდოისტი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო და ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს მის კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალია.
ფინალამდე მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს სძლია, მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა, მეოთხედფინალში – ტაჯიკი სომონ მაჰმადბეკოვი, ნახევარფინალში კი სამხრეთკორეელ ჯონჰვან ლისთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.
დღეს თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში პირველი შეხვედრა გამართა ეთერ ასკილაშვილმა (63 კგ). ის ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონს, სლოვენიელ ანდრეია ლესკის დაუპირისპირდა და შეხვედრა დათმო, თუმცა ქართველ ძიუდოისტს ოლიმპიადაზე კვლავ ვიხილავთ – ის ქალ-ვაჟთა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი.
31 ივლისს პარიზის ოლიმპიადაზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტი ტიტულის დაცვას შეეცდება.
ტატო გრიგალაშვილის მოპოვებული ჯილდო დამოუკიდებელი საქართველოსთვის 41-ე ოლიმპიური მედალია. ეს არის მე-13 ვერცხლის მედალი და ასევე მე-13 მედალი ძიუდოში. ტატო გრიგალაშვილი 34-ე სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს სახელით ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს – 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს – 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს – 250 000 ლარს გადასცემს.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.