25 ივნისს საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში, ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სცენა ვანის სახალხო თეატრს დაეთმო. რეჟისორმა ლაშა ლომჯარიამ წარმოადგინა საინტერესო და ემოციებით დატვირთული სპექტაკლი „გაკვეთილი“, შექმნილი ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით. „გაკვეთილი“ ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, რომელიც აბსურდის სტილში წარმოგვიდგენს ჭკუიდან გადასული პროფესორისა და მისი სტუდენტის ხანმოკლე გაკვეთილს.
მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ მსახიობების – მარიამ ლომიძის, გიგა ბუბუტეიშვილის, აბელ სოსელიას და ამირან შარაშენიძის შთამბეჭდავი თამაში სცენაზე.
სპექტაკლს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილეები – გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ფესტივალმა წელს მე-15 სეზონი გახსნა. 12-26 ივნისის ჩათვლით 17 სპექტაკლის ჩვენება გაიმართა და წარმოდგენილი სპექტაკლებით დაუვიწყარი ემოციები აჩუქა მაყურებელს. ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 26 ივნისს დაიხურება.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.